"მდგრადი განვითარება არის მომავლის გზა, რომელიც გვთავაზობს ეკონომიკური ზრდის, სოციალური სამართლიანობის, გარემოს დაცვისა და მტკიცე მმართველობის გეგმას; საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას თავის პარტნიორებთან, რათა მივაღწიოთ ამ მიზანს 2015 წლის შემდგომი განვითარების ამბიციური და ყოვლისმომცველი დღის წესრიგის მეშვეობით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 2015 წლის მდგრადი განვითარების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ოთხ მიზანზე: ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, ყველასთვის ხელმისაწვდომი, თანამედროვე ენერგორესურსების მიწოდება, ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ყველა ასაკის ადამიანისთვის ჯანმრთელი ცხოვრების უზრუნველყოფა, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
"საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საქართველოს მთავრობა ახორციელებს ჩ ჰეპატიტის აღმოფხვრის უპრეცედენტო პროგრამას. პაციენტებს უტარდებათ აუცილებელი ტესტები წინასწარი დიაგნოზისა და მკურნალობის მონიტორინგის მიზნით, ასევე გამოიყენება უახლესი მედიკამენტები ამ დაავადების სამკურნალოდ. დედებისა და ბავშვების ჯანდაცვის მზარდ დაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან და ხარისხიან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დედებსა და ბავშვებს შორის სიკვდილიანობის დონის შემცირებისთვის. საქართველომ შეასრულა ათასწლეულის განვითარების მეოთხე მიზნის მოთხოვნები - ჩვილთა და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობამ დაიკლო ათი და თორმეტი პუნქტით ყოველ ათასზე," - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ელექტროენერგიის სექტორში განხორციელდა ძირეული ცვლილებები, რომელთა მიზანიც ღია, ლიბერალური და კომერციულად სიცოცხლისუნარიანი ენერგეტიკის სექტორის შექმნაა.
"ჩვენი ინტენსიური რეფორმების შედეგად, 2007 წლიდან საქართველოს ენერგეტიკის სექტორიდან გატანილი ექსპორტის ოდენობა აღემატება შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი ენერგორესურსების ოდენობას. თავისი უნიკალური მდებარეობის წყალობით, საქართველოში არსებობს დიდი შესაძლებლობები ენერგორესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გზას უხსნის საქართველოს ენერგეტიკული თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრობისკენ და შესაბამისი მოლაპარაკებების დასრულებისკენ 2016 წლის სექტემბრისთვის," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მეცხრე მიზანს, რომელიც ეხება მტკიცე ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ინკლუზიურ და მდგრად ინდუსტრიალიზაციასა და ინოვაციების ხელშეწყობას.
"მცირე და საშუალო სასოფლო-სამეურნეო და სხვა ტიპის ბიზნესის მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ განვახორციელეთ პროექტები, რომელთა მიზანია სოფლად სამუშაო ადგილების შექმნა, მიწით სარგებლობის ეფექტიანობის გაზრდა და მიწების კონსოლიდაცია, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო პოტენციალის გაძლიერება," - მიიჩნევს პრემიერ-მინისტრი.
გაეროს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა მდგრადი განვითარებისთვის მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, გამჭვირვალობა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და საჯარო ინსტიტუტების მიუკერძოებლობა არის უმთავრესი პრინციპები, რომლებიც განაპირობებს მთავრობის ეფექტიანობას.