ივერიონი / დავით უსუფაშვილი: კარგი იქნება, რომ იყოს უფრო მეტი კოორდინირება და ნაკლები საბაბი მითქმა-მოთქმისთვის

დავით უსუფაშვილი: კარგი იქნება, რომ იყოს უფრო მეტი კოორდინირება და ნაკლები საბაბი მითქმა-მოთქმისთვის

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის დელეგაციების გამგზავრება მნიშვნელოვანია და ორივე მათგანი საკუთარ საქმეს შეასრულებს. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა "იმედის" ეთერში საუბრისას განაცხადა.

 

"საქართველოს იმდენი საქმე აქვს, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, რომ ორ-ორი პრეზიდენტი და ორ-ორი პრემიერ-მინისტრი მუდმივად ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც საქმეზე რომ მიბრძანდებოდეს, მაინც ვერ აუვალთ ამ საქმეს. საქმე ძალიან ბევრია და იმასაც დავამატებ, სულ ერთი კვირის წინ საპარლამენტო დელეგაცია დაბრუნდა სწორედ ნიუ-იორკიდან. მე გახლდით ამ დელეგაციის ხელმძღვანელი. გაერო-ს გენერალური ასამბლეის შენობაში ვიმყოფებოდით, მსოფლიო ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები შევიკრიბეთ. გაერო-ს 70 წლისთავი აღინიშნება ახლა, ესაა შესანიშნავი საშუალება, რომ შევეხმიანოთ მსოფლიოს, როგორ გლობალურ პრობლემებს, ისე კონკრეტულ საკითხებს თიოეულ ქვეყანასთან. ის 17 პუნქტიანი ახალი გეგმა, რომელზეც იქნება მსჯელობა გაერო-ში, პარლამენტის სპიკერებმაც განვიხილეთ. როგორც გითხარით, საქმე ბევრია და ამიტომ, კარგია რომ ყველა ვიყოთ ჩართული. კარგი იქნება, რომ იყოს უფრო მეტი კოორდინირება და ნაკლები საბაბი მითქმა-მოთქმისთვის. დარმწუნებული ვარ, ორივე დელეგაცია ძალიან მნიშვნელოვან საქმეს შეასრულებს და პარლამენტიც ამ პროცესში ჩართულია. როგორც პრემიერს, ასევე პრეზიდენტს, თან ახლავს დეპუტატები. პრეზიდენტის დელეგაციაში უნდა ყოფილიყო ირაკლი სესიაშვილი, რომელიც სამწუხაროდ შეუძლოდ გახდა და მას ალბათ სხვა ჩაანაცვლებს", - აღნიშნა უსუფაშვილმა. 

27-09-2015, 11:39
უკან დაბრუნება