ენერგეტიკის მინისტრი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ, აფხაზები და ქართველები, უნდა გავთავისუფლდეთ სიძულვილის მარწუხებისგან, მწუხარებისგან და მხოლოდ გონებით და მომავალზე ფიქრით ვიხელმძღვანელოთ.
"სოხუმის დაცემა ეს იყო ძმათა მკვლელი კონფლიქტის ბოლო, ტრაგიკული ფურცელი.
სოხუმთან ერთად დაეცა ბოლო იმედი - ბოროტებამ გონიერებაზე გაიმარჯვა და აფხაზებმა და ქართველებმა წავაგეთ ბრძოლა საერთო მტერთან! ჩვენი ხალხის წიაღში ახალი თაობები გაიზარდა, მათ გაუცხოება წარსულში უნდა დაუტოვონ და გამოიყენონ შანსი ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყონ!
ჩვენ, აფხაზები და ქართველები, უნდა გავთავისუფლდეთ სიძულვილის მარწუხებისგან, მწუხარებისგან და მხოლოდ გონებით, მხოლოდ მომავალზე ფიქრით ვიხელმძღვანელოთ. ბრმა და უმართავმა ემოციებმა დაანგრია ჩვენს შორის ხიდი, ხიდი, რომელიც უნდა აღდგეს. სხვანაირად ჩვენი ხალხი წინ ვერ წავა. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ომის ქაოსიდან და შენდობის, პატიების, ერთობლივი გლოვის შემდეგ დავიწყოთ საერთო სახლის შენება. სახლის, სადაც ლხინში ერთად ვიქნებით, ჭირში ერთმანეთს გვერდით დავუდგებით და ჩვენი ერთობის მტერსაც მხარდამხარ მოვიგერიებთ",- აღნიშნულია მინისტრის განცახებაში, რომელიც მისი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.