დღეიდან საქართველოში ევროკავშირის შემფასებელი მისიის ვიზიტი იწყება - ამ განცხადებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე აკეთებს. როგორც გიგიაძე ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, ისინი საქართველოს გადაამოწმებენ ოთხი მიმართულებით. ეს არის: თავშესაფარი, მიგრაცია, ტრეფიკინგი და კორუფცია.
"იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ თანმიმდევრულად შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც გათვალისწინებული იყო ევროკომისიის მესამე ანგარიშში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული ექსპერტების მიერ ჩატარებული შეფასება იქნება დადებითი და წლის ბოლოს ჩვენ გვექნება დადებითი დასკვნა ევროკომისიის. შესაბამისად, შემდგომში საშუალებას მისცემს უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას და გზას გაუხსნის საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
ამის შემდეგ, უკვე დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ისინი მოგვცემენ ჩვენ თავიანთ წინასწარ ანგარიშს და მათთან ერთად დავიწყებთ უკვე მუშაობას კონკრეტული დეტალების დასაზუსტებლად, თუ იქნება კიდევ დამატებითი კითხვები. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, საქართველომ თანმიმდევრულად შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრული იყო მესამე ანგარიშის თანახმად. შესაბამისად, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე წლის ბოლოს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში იქნება საბოლოო და დადებითი", - განაცხადა გიგიაძემ.