„ქართული პლატფორმის“ განცხადება
„ქართული პლატფორმა“ ამ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზგასმით წერდა ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ლართან მიმართებაში, რასაც არა მარტო არაკომპეტენტურობის, არამედ, უპასუხისმგებლობის ბეჭედიც აზის!
სამწუხაროდ, ხელისუფლების არაკომპეტენტურობა და საქმისადმი არასახელმწიფოებრივი (უპასუხისმგებლო) დამოკიდებულება მარტო ლარის კურსის უკიდურესად გაუფასურებაში არ ვლინდება - მთავრობის აქილევსის ქუსლია საკადრო პოლიტიკაც, სადაც პროფესიონალიზმს ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცევა.
ამის ნათელი მაგალითია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის („სემეკი“) ვაკანტურ ადგილებზე, პრეზიდენტის მიერ შერჩეულ კანდიდატთა შეთანხმებისას საქართველოს მთავრობის ქედმაღლური, ზერელე დამოკიდებულება პროფესიონალთა მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციით (მუხლი 73 – „ე“ პუნქტი) „საქართველოს პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით პარლამენტს წარუდგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრთა კანდიდატურებს“.
ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტმა მაქსიმალურად გამოიყენა საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება და გამჭვირვალედ, ფართო წარმომადგენლობითი კომისიის რეკომენდაციით მთავრობას შესათანხმებლად ვაკანტური ადგილების დასაკავებლად წარუდგინა 3 კანდიდატურა (შეირჩა 40 პრეტენდენტიდან. შერჩევის პროცესი თითქმის ოთხთვე ნახევარი გაგრძელდა).
მთავრობამ სამი წარდგენილი კანდიდატურიდან მხოლოდ ერთი „შეითანხმა“, ორზე „თავი შეიკავა“, თუმცა, ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია, თუ რა გახდა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების შეთანხმებისგან თავის შეკავების მიზეზი.
მთავრობის ასეთ უპასუხისმგებლო დემოკიდებულება ლოგიკურია მიუღებელი აღმოჩნდა პრეზიდენტისთვის, გაუგებარი საზოგადოებისთვის და შეურაცხმყოფელი წარდგენილი კანდიდატებისთვის. მეტიც, მთავრობის კადრების საკითხისადმი ასეთი გაუმჭვირვალე, დახურული მიდგომა აზარალებს თვით სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს - რაც მთავარია, ეს აფერხებს (აკნინებს) იმ ორგანოს გამართულ საქმიანობას, რომელმაც უნდა მიიღოს კომპეტენტური გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით. ნიშანდობლივია, რომ სემეკი-ს 5-კაციანი შემადგენლობიდან ერთი წევრის დანიშვნის შემთხვევაში კვლავ ვაკანტური რჩება 2 ადგილი. კურიოზია ისიც, რომ კომისიის მოქმედი წევრებიდან არც ერთი არ არის ფინანსისტ-ეკონომისტი და არც ინჟინერ-ენერგეტიკოსი! აღნიშნული აშკარად ქმნის პროფესიული და კოლეგიალური მიუკერძოებლობის დეფიციტს! კანონმდებელმა საკითხების გადაწყვეტისთვის ოპტიმალურად ჩათვალა 5 წევრის არსებობა და ფაქტობრივად მისი დაყვანა 3 წევრამდე ამ მიდგომის საწინააღმდეგოა.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის მიერ „დაწუნებული“ კანდიდატურები ისევ დააბრუნა შესათანხმებლად. ძნელია იმის თქმა, როგორ განვითარდება მოვლენები და ამჯერად მაინც აღმოაჩნდება თუ არა მთავრობას „სახელმწიფოებრივი სიმწიფე“, თუმცა, ერთი რამის რჩევა შეგვიძლია: რადგან მთავრობის მეთაური და პრეზიდენტი საქართველოში ვერ ახერხებენ შეთანხმდნენ სახელმწიფოსთვის არსებითად მნიშვნელოვან საკითხებზე, იქნებ ნიუ-იორკში მაინც აღეძრათ სურვილი (ამ განცხადების დროს საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერ მინისტრი ორი დელეგაციით იმყოფება ნიუ-იორკში), დასხდნენ და მოილაპარაკონ. ყოველ შემთხვევაში, გაარკვიონ, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს მთავრობის მხრიდან კონსტიტუციისადმი ასეთი დამოკიდებულება!
ყოველივე ზემოთქმული გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ ე.წ. სახელმწიფო მანქანა მუშაობს არაეფექტიანად, რაც ძვირად უჯდება ქვეყანას. არსებობს საფუძვლიანი ეჭვიც, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში მთავრობისა და ოპოზიციის ინტერესების თანხვედრასთან გვაქვს საქმე - ელექტროენერგიაზე „სასურველი“ ტარიფის დადგენა საკმაოდ მსუყე ლუკმაა!..
ამ კონტექსტში გვერდს ვერ ავუვლით „ქართული ოცნების“ კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ტყემალაძის დამოკიდებულებას ზოგადად კონსტიტუციისა და კერძოდ, სემეკის წევრების შერჩევის პროცედურისადმი.
ბატონი ტყემალაძე კონსტიტუციის ნორმას არაფრად დაგიდევს, ის კონსტიტუციის მოქმედი ნორმების თავისებურად წაკითხვას გვთავაზობს. მაშინ, როდესაც კონსტიტუციის 73-წ მუხლში შავით თეთრზე წერია, რომ პრეზიდენტი „მთავრობასთან შეთანხმებით პარლამენტს წარუდგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრთა კანდიდატურებს“.
ბატონი ტყემალაძე კი აცხადებს: „კანონის მიხედვით, სემეკის წევრების კანდიდატურებს პრემიერი არჩევს, რის შემდეგაც კანდიდატურებს პარლამენტში წარსადგენად პრეზიდენტს უგზავნის.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აბსოლუტურად არასწორად გაიგო კანონი და კონკურსი მოაწყო, ვინ უნდა წარმოედგინა და ვინ არა.
პრემიერმა უნდა ჩაატაროს შიდა კონკურსი და პრემიერმა უნდა შეარჩიოს. შემდეგ ის უნდა წარუდგინოს პრეზიდენტს. პრეზიდენტი ამ შემთხვევაშ არის გამტარი. წავიკითხოთ კანონი, სადაც ეს წერია... პრეზიდენტისგან კი არ უნდა მოდიოდეს ეს ინიციატივა, პრემიერმა უნდა მოახდინოს შერჩევა, შეათანხმოს კანდიდატურა და ეს კანდიდატურა გადაუგზავნოს პრეზიდენტს“.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბატონ ტყემალაძეს საერთოდ არა აქვს კონსტიტუცია წაკითხული, ან ისე კითხულობს, როგორც მას აწყობს („მე ასე მინდა“!). ეს მისი პრობლემაა. საქართველოს პრობლემა კი ის არის, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში არ აღმოჩნდა არცერთი პირი, ვინც ბატონ ზურაბ ტყემალაძეს სწორ პოზიციაზე მიუთითებდა.
თუ კონსტიტუციის შესაბამისი მუხლი ადასტურებს, რომ პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით პარლამენტში წარადგენს მარეგულირებელი ორგანოების წევრთა კანდიდატურებს, საიდან მოაქვს ბატონ ტყემალაძეს, რომ შერჩევა პრემიერმა უნდა მოახდინოს?
ეტყობა, ან ჩვენ ვერ ვკითხულობთ სწორად კონსტიტუციას, ან ტყემალაძე თვალს გვიბრმავებს და მისთვის სასურველ ფორმულირებას გვაჩრის!
მეორეც, თუ კანდიდატურის შერჩევა არ არის პრეზიდენტის პრეროგატივა, მაშინ რატომ შეითანხმა მთავრობამ მის მიერ წარდგენილი ერთი კანდიდატი და რატომ გადააგზავნა იგი პარლამენტში დასამტკიცებლად?!
რას ფიქრობს ამაზე ბატონი ტყემალაძე?
წესით და კანონით, მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი შეთანხმების პროცედურა და არ უნდა დავიყვანოთ პიროვნულ სურვილებამდე!!!
ასე, რომ მთავრობა კონსტიტუციის წაკითხვისას არ უნდა დარჩეს მთლად ტყემალაძის იმედზე, სხვანაირად, გამოდის, რომ მოქმედ კონსტიტუციას „ტყემალაძის კონსტიტუციით“ ვანაცვლებთ.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას - ნუ შესთავაზებს ქართველ ხალხს დემოკრატიის სახელით დემოკრატიულ „ბალაგანს“, ასევე მოვუწოდებთ პარლამენტარ ზურაბ ტყემალაძეს: საქართველოს კონსტიტუციის ნორმას ნუ ჩაანაცვლებს საკუთარი ინტერპრეტაციით და ამით ნუ მოვახდენთ დემოკრატიის დისკრედიტაციასა და მისი განვითარების შეფერხებას საქართველოში.
„ქართული პლატფორმა“