ივერიონი / დიმიტრი ქუმსიშვილი: ეკონომიკური საქმიანობის გასავითარებლად საჭიროა სახელმწიფო და კერძო სექტორების ინტენსიური თანამშრომლობა

დიმიტრი ქუმსიშვილი: ეკონომიკური საქმიანობის გასავითარებლად საჭიროა სახელმწიფო და კერძო სექტორების ინტენსიური თანამშრომლობა

28 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქართული ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე გაიმართა სამინისტროსთან არსებული ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის მიერ მომზადებული 15 საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია. შეხვედრას დაესწრნენ საქართველოში მოღვაწე ბიზნეს-ასოციციებისა და საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელი პირები.

 

შეხვედრაზე წარდგენილი იყო შემდეგი პროექტები: ასანთის წარმოება; იმერეთის მწვანილის ექსპორტის პროექტი; თბილისის ქვის გადამამუშავებელი საწარმო; პანკისის დიაბაზის მოპოვების პროექტი; დაფნის ფოთლის გადამუშავება-დაფასოვება/დაფნის ფოთლის ეთერზეთის დამზადება; სამკერვალო საწარმოს პროექტი; ტექსტილის წარმოების პროექტი; კერამიკული ფილების წარმოება; რძის გადამამუშავებელი საწარმო; მუყაოს ყუთების წარმოება; ფოთში ქვის გადამამუშავებელი საწარმო; ფოლადის მილების წარმოება; ეთერზეთების წარმოება; კალტიცის მოპოვება-გადამუშავება; მოსაპირკეთებელი კერამიკული ფილების წარმოება.

 

"საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ საქართველოს განვითარების დონის ქვეყნებისთვის ეკონომიკური ზრდა ეკონომიკის დივერსიფიკაციით მიიღწევა. დივერსიფიკაციისთვის აუცილებელია ახალი დარგების, ახალი პროდუქტებისა და ახალი ბაზრების განვითარება; ყველაფერ ამას, ჩვენ, ახალ ეკონომიკურ საქმიანობას ვუწოდებთ. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ახალი ეკონომიკური საქმიანობის გასავითარებლად საჭიროა სახელმწიფო და კერძო სექტორების ინტენსიური თანამშრომლობა," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

ამ მიზნით, სამინისტროში ერთი წლის წინ შეიქმნა ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი, რომლის მიერ მომზადებული პროექტების ჯამური საინვესტიციო შესაძლებლობა 80 მილიონი აშშ დოლარია. მათი სრულად განხორციელების შემთხვევაში, დასაქმდება 1000 ადამიანი, არაპირდაპირ დასაქმდება დამატებით რამდენიმე ათასი ადამიანი.

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეხვედრაზე წარმოდგენილი პროექტებიდან ორს ინვესტორი უკვე გამოუჩნდა, _ იტყობინება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

28-09-2015, 14:58
უკან დაბრუნება