ივერიონი / გივი თარგამაძე: სექტემბერში მომხდარი კრიმინალური შემთხვევების სტატისტიკა კატასტროფულ სურათს იძლევა

გივი თარგამაძე: სექტემბერში მომხდარი კრიმინალური შემთხვევების სტატისტიკა კატასტროფულ სურათს იძლევა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გივი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სექტემბერში მომხდარი კრიმინალური შემთხვევების შესახებ ისაუბრა. 

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის გივი თარგამაძის განცხადებით, სექტემბერში მომხდარი კრიმინალური შემთხვევების რეალური სტატისტიკა კატასტროფულ სურათს იძლევა. როგორც თარგამაძემ აღნიშნა, ეს არის მზარდი ტენდენცია, რომელსაც თავისი მიზეზები აქვს. 

"ესაა კატასტროფული სურათი, მზარდი ტენდენცია, რომელსაც თავისი მიზეზები აქვს. აგვისტო-სექტემბერში, პროფესიონალი პოლიციელების სამსახურებიდან წასვლის მესამე ტალღა დაიწყო. ეს ადამიანები უბრალოდ ვერ ძლებენ ამ გარემოში, ისინი ვერ მუშაობენ იმ ახლად აღზევებულ ადამიანებთან, რომელთაც სამართალდამცავ ორგანოებთან საერთო არ აქვთ. ისინი ერთადერთი ნიშნით, ბიძინა ივანიშვილის პირადი ერთგულებისა და მასთან მსახურობისთვის იმ კარიერას ერთ დღეში იკეთებენ, რომელსაც პროფესიონალი სამართალდამცავები მთელი ცხოვრების მანძილზე გადიან.

ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება თუ ამას ყველა ადამიანი არ აღიარებს, უპასუხისმგებლო დაცვის გამო პრაქტიკულად დაუცველი ხდება ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე", - განაცხადა გივი თარგამაძემ.

 

"მინდა მოგაწოდოთ სექტემბერში მომხდარი კრიმინალური შემთხვევის რეალური სტატისტიკა. მხოლოდ ამ თვეში ჩვენ გვაქვს თბილისში, ბათუმსა და უკანა ფშავში 3 ორმაგი მკვლელობა; პოლიციელის მკვლელობა თელავში; ანაკლიაში პატრულის გვამია ნაპოვნი; შუახევსა და ყვარელში გვაქვს ქალბატონების ორი ცალკეული შემთხვევა; 

ერთი მამაკაცის მკვლელობა ბათუმში; ერთი არასრულწლოვნის მკვლელობა ფონიჭალაში; ასევე, ბანკების, კერძო ბინების ძარცვა და დიდი რაოდენობით თანხების გატაცება; მრავალჯერადი სროლები, რომელსაც პირების დაჭრა მოჰყვა. გუშინ იყო აპოგეა, როდესაც დღისით, ხალხის თანდასწრებით, აბაშიძეზე ორი ადამიანი დაჭრეს, მოგვიანებით ამავე ადგილას განმეორებით სროლა ისმოდა, ამის შემდეგ კი ავჭალაში, ორი ახალგაზრდა დაჭრეს", - აღნიშნა თარგამაძემ. 

29-09-2015, 13:12
უკან დაბრუნება