ივერიონი / დავით უსუფაშვილი: სრულიად საქართველოს არმიით ვართ მზად, გავწევრიანდეთ NATO-ს ეგიდით შექმნილ უსაფრთხოების სისტემაში

დავით უსუფაშვილი: სრულიად საქართველოს არმიით ვართ მზად, გავწევრიანდეთ NATO-ს ეგიდით შექმნილ უსაფრთხოების სისტემაში

"მე მგონი, ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ საქართველოს მიერ არჩეული გზა NATO-ში გაწევრიანების მიმართულებით არის სწორი", - ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აკეთებს. მისი განმარტებით, საქართველოს მიერ არჩეული გზა NATO-ში გაწევრიანების მიმართულებით არის ეფექტური გზა ქვეყნის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

 

"ჩვენ არა თუ ერთი ასეულით, არამედ სრულიად საქართველოს არმიით ვართ მზად, გავწევრიანდეთ NATO-ს ეგიდით შექმნილ უსაფრთხოების სისტემაში, ეს არის ყველაზე სწორი, ყველაზე ეფექტური გზა ჩვენი გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ვიდრე ეს არ მომხდარა, ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ასეთ ღონისძიებებში, ეს ამაღლებს საქართველოსადმი პოლიტიკურ მხარდაჭერას, ამაღლებს ჩვენი პარტნიორების ვალდებულებას, რომ ჩვენი ინტერესებიც გაითვალისწინონ საერთაშორისო ასპარეზზე, ეს არის სწორი პოლიტიკა. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული და ოკუპაციის დასრულება უკავშირდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას და ეს მოსაპოვებელი და შესანარჩუნებელია", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ქართული მხარე აპირებს, გაერო-ს სამშვიდობო მისიაში მიიღოს მონაწილეობა.

 

 

"ჩვენ ვიქნებით მეოთხე, NAIO-ს არაწევრი ქვეყანა სწრაფი რეაგირების ძალებში, რაც მიუთითებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ქართული შეიარაღებული ძალების შეთანხმებული მოქმედების მაღალ დონეზე. დღეს სწრაფი რეაგირების ძალების რეზერვში 130 ქართველი მებრძოლია. გარდა ამისა, საქართველო ჩაერთო კრიზისის მართვის ოპერაციებში ევროკავშირის ხელმძღვანელობით. 2014 წელს ქართულმა სამხედრო კონტინგენტმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის ოპერაციებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. საფრანგეთის შემდეგ ჩვენ ვიყავით ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მისიაში, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონული და საერთაშორისო ძალისხმევის მხარდაჭერას ქვეყანაში სტაბილურობის აღდგენისა და პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად. წელსაც საქართველო მონაწილეობს ევროკავშირის მიმდინარე მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მალისა და უკრაინაში ,"-აღნიშნა პრემიერმა.

29-09-2015, 19:36
უკან დაბრუნება