ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტის თანახმად, საქართველოში, რომელიც ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მონაწილეა, წინასწარი პატიმრობის კუთხით დარღვევები ფიქსირდება.
რეზოლუციის პროექტის 7.2 პუნქტში ასეთ დარღვევად სახელდება "პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია ან სხვა გზით განეიტრალება (მაგალითად, "საქართველოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა კონკრეტული საქმეები)".
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული, ეკა ბესელიას შენიშვნების თანახმად, ბესელია 7.2 პუნქტში ბრჭყალებში ჩასმულ წინადადებას არ ეთანხმება. მისი მოსაზრებით, მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის ხსენება "არარელევანტურია". როგორც ბესელია აღნიშნავს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთ წევრთან, მაგალითად, ზურაბ ჭიაბერაშვილთან მიმართებაში წინასწარი პატიმრობის ზომა გამოყენებული საერთოდ არ ყოფილა.
რეზოლუციის კანონპროექტში ასევე წერია, რომ "საქართველომ მიიღო რეფორმები და პრაქტიკული ზომები, რამაც წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა მნიშვნელოვანი შემცირება და დაკავებულთა მიმართ მოპყრობა გააუმჯობესა, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობის სფეროში დარღვევები კვლავ ფიქსირდება".
რეზოლუციის კანონპროექტის 11.4 პუნქტის თანახმად, წინასწარი პატიმრობის სფეროში არსებული დარღვევების ერთ-ერთი მიზეზია "პროკურატურის "ფორუმ-სჰოპპინგ" შესაძლებლობა (შესაძლებლობა გადასცეს საქმე სასამართლოს, რომლისგანაც მოსალოდნელია უფრო სასიკეთო შედეგის მიღება), რის შედეგადაც შესაძლოა, ჩამოყალიბდეს სხვადასხვა სტრატეგიები, რათა წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა კონკრეტულ საქმეებში, გადაწყდეს ისეთი მოსამართლის მიერ, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო, "დამთმობი იქნება".
ეკა ბესელია აღნიშნულ პუნქტს არ ეთანხმება. "მომხსენებელს არა აქვს მოყვანილი არც ერთი ფაქტი ამის დასადასტურებლად. აღნიშნულ ფორმულირებას იმ შემთხვევაში დავეთანხმებოდი, თუკი იქნებოდა ნახსენები პერიოდი ხელისუფლების შეცვლამდე, 2012 წლის ოქტომბერში".
რეზოლუციის კანონპროექტის 11.5 პუნქტში წინასწარი პატიმრობის სფეროში არსებული დარღვევების კიდევ ერთ მიზეზად სახელდება "პროკურატურის შესაძლებლობა, გვერდი აუაროს წინასწარი პატიმრობის შესახებ კანონით დადგენილ ვადებს, საბრალდებო აქტების შეცვლის ან რეგულირების გზით". ეკა ბესელიას მოსაზრებით, აღნიშნული ინფორმაცია "სრულიად არასწორია", რადგან "აღკვეთი ზომების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოში მხოლოდ სასამართლო იღებს ".
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რეზოლუციის კანონპროექტის 12.2.1 ქვეპუნტქტში მოუწოდებს საქართველოს "მიიღოს შესაბამისი ზომები, პროკურატურის მხრიდან ფორუმ-სჰოპპინგ-ის გამოყენების პრევენციის მიზნით.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციის კანონპროექტის 12.2.2 ქვეპუნქტში მოუწოდებს საქართველოს "თავი შეიკავოს წინასწარი პატიმრობის გამოყენებისგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხორციელდება მართლმსაჯულება და გაათავისუფლოს ყველა ის პატიმარი, რომელიც არასამართლებრივად არის დაკავებული".
ეკა ბესელიას მოსაზრებით, აღნიშნულ ქვეპუნქტში ჩასწორებების შეტანაა საჭირო, რადგან "მსგავსი მოთხოვნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უფლებამოსილებას ცდება და შედის ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოსა და ნაციონალური სასამართლოების კომპეტენციაში".
28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია მიმდინარეობს. პედრო აგრამუნტის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს, რომელიც მათ შორის საქართველოში ადამიანის უფლების მხრივ არსებულ მდგომარეობას ეხება, საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე 1-ელ ოქტომბერს უყრიან კენჭს. თუმცა, დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს საქართველოს დელეგაციის წევრებს "ქართული ოცნებიდან". ეკა ბესელიამ შესაბამისი შესწორებებიც მოამზადა. იგი მიიჩნევს, რომ რეზოლუციის პროექტი იმ პოლიტიკური სიმპათიის და მეგობრობის მატარებელია, რაც "ევროპის სახალხო პარტიის მხრიდან" "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით არსებობს. საპარლამენტო დელეგაციის გარდა, სტრასბურგში იმყოფებიან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მისი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე.
წყარო : IPN