ივერიონი / გიორგი მარგველაშვილი:საქართველო ნიუ იორკის რადარებიდან გაქრა...

გიორგი მარგველაშვილი:საქართველო ნიუ იორკის რადარებიდან გაქრა...

საქართველოს პრეზიდენტი, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის საგარეო ურთიერთობათა საბჭოში სიტყვით გამოვიდა. ღონისძიებას პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროს  საერთაშორისო ექსპერტები, საერთაშორისო მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრის მედიატორის, ამერიკელი ჟურნალისტის ტომას გრემის შეკითხვებს პასუხობდა.

 

ჟურნალისტი დაინტერესდა რატომ გაქრა საქართველო ბოლო წლების განმავლობაში შეერთებული შტატების გაზეთებიდან.

"თვითონ საქართველოს მომავალს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და დიდი გავლენა კავკასიის რეგიონზე და ჩვენ დღეს გვსურს რომ უკეთესად გავიგოთ, რა ხდება საქართველოში,  რა გამოწვევებს უნდა გაუმკლავდეს თქვენი ქვეყანა და ასევე გვინდა გავიგოთ თქვენი გეგმების შესახებ, თქვენი წუხილის შესახებ. რა არის ძირითადი გზავნილები რომლებსაც თქვენ უგზავნით შეერთებულ შტატებს, საბჭოს წევრებს, რა უნდა ვიცოდეთ და გვესმოდეს საქართველოზე?" - მიმართა ტომას გრემმა საქართველოს პრეზიდენტს.

 

გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს უნიკალურ ადგილმდებარეობაზე და ქვეყნყნის გეოპოლიტიკურ როლზე, რომელიც დიდ მნიშვნელობას იძენს რეგიონული უსაფრთხოების, ეკონომიკური და ვაჭრობის სფეროების თვალსაზრისით.

 

"როგორც თქვენ ბრძანეთ საქართველო გაქრა ამერიკის აქტიური რადარებიდან, ნიუ იორკის რადარებიდან, ვაშინგტონის  მედიასაშუალებებიდან.

რა გვსურს ჩვენ?  ჩვენ გვსურს დავაბრუნოთ საქართველო  დისკუსიების ფორმატში. ის პოლიტიკური პროცესები, რომლებიც შეერთთებულ შტატებში ვითარდება, საკმაოდ რელევანტურია, არამხოლოდ საქართველოსთვის არამედ მთლიანად რეგიონისთვის.

პირველი მიზეზი იმისა, რატომაც უნდა ვისაუბროთ საქართველოზე და მის განვითარებაზე არის ის, რომ საქართველოს ევრაზიის კონტინენტზე უნიკალური მდებარეობა გააჩნია.

თუ შევხედავთ რუკას, საქართველო საკმაოდ პატარაა, მაგრამ ძალიან დიდ როლს თამაშობს ბოლო სამი ათასწლეულის განმავლობაში.

 

ძალიან სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა კასპიისა და შავ ზღვას შორის. საკმაოდ საინტერესო ქვეყნებთან აქვს საზღვარი, როგორც ჩრდილოეთში ასევე დასავლეთში და აღმოსავლეთში. საინტერესოა ასევე, რომ ჩვენ ვაერთიანებთ აზიურ ნაწილს შავი ზღვის რეგიონთან და ევროპის ნაწილთან და ამას ვაკეთებდით ასწლეულების განმავლობაში.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომაც ჩვენ კარგად გვქონდა წარმოდგენილი ჩვენი სტრატეგიული როლი, ჩვენი ადგილი იმ ცივილიზებულ სამყაროში და ჩვენი როლი როგორც გამაერთიანებელისა და ორ გლობალურ სამყაროს შორის.

 

ეს არის სატრანსპორტო მაგისტრალებისა და იმ კონცეფციის განხორციელება, რასაც სატრანზიტო კონცეპცია ჰქვია. ეს ასევე მნიშვნელოვანია,  სწორედ პარტნიორობის გაფართოების თვალსაზრისითაც, რაც ასევე ხელს უწყობს სერვისების ბაზრის განვითარებას.

 

ჩვენ ასევე, ვართ აბრეშუმის გზის კონცეფციის ნაწილი და ჩემი ბუნებრივი ინტერესი არის გავაძლიეროთ ეს მიმართულება, გავაფართოოთ შესაძლებლობები ჩემი ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოებისა. ჩემს ხალხს მინდა წარუდგინო ახალი გადაწყვეტილებები, საქართველოს მზადყოფნა რომ ჩაერთოს ამ პროცესებში და სწორედ ამიტომ საქართველო ხდება არჩევანის ქვეყანა.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც უნდა აღინიშნოს, არის ის რომ, რეგიონის 14 ქვეყნიდან 8 ქვეყანას, ასე ვთქვათ, საზღვარი აქვს საქართველოსთან, სწორედ ესეც აძლიერებს ამ განსაკუთრებულ არჩევანს", -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

30-09-2015, 08:02
უკან დაბრუნება