"საქართველოს მთავრობა უპირობო მხარდაჭერას გაგიწევთ თქვენ, თქვენს პარტნიორებს და ყველა ინვესტორს, საქართველოში ბიზნესის დაწყებისა და წარმართვის საქმეში", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ-იორკში საინვესტიციო ფორუმზე - Georgia-Making Business Easy შეკრებილ მსოფლიოს წამყვან ინვესტორებს.
საბანკო სექტორი, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა, წარმოება და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავება - ეს ის პრიორიტეტული სექტორებია, რომლებშიც საქართველოში ინვესტირების საუკეთესო შესაძლებლობები არსებობს.
"საქართველოს საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მეტად განვითარებულია რეგიონში. მისი კაპიტალის მარაგი და ინვესტიციის ლიკვიდურობის დონე მაღალია. საერთაშორისო ჩართულობის ზრდა ამ სექტორს დიდ სარგებელს მოუტანს; ენერგეტიკის სექტორი მომხიბვლელია როგორც არსებული ბუნებრივი რესურსების, ისე მზარდი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. ჩვენს ქვეყანას აქვს უზარმაზარი ჰიდრორესურსები და გამოუყენებელი საინვესტიციო პოტენციალი. ბოლო წლებში საქართველოდან ექსპორტზე გატანილი ენერგორესურსების ოდენობამ გადაჭარბა შემოტანილ რესურსებს. დღეს ჩვენ ვიყენებთ ჩვენი უზარმაზარი ჰიდრორესურსების მხოლოდ 20 პროცენტს. საქართველოს ელექტროქსელი დაკავშირებულია ყველა მეზობელ ქვეყანასთან, სადაც არსებობს სტრუქტურული ელექტროდეფიციტი და ელექტროენერგიის გამომუშავების სიძვირე. აჭარისწყლის ჰიდროპროექტმა განახორციელა საქართველოში ყველაზე მსხვილი კერძო ჰიდროენერგეტიკული ინვესტიცია (400 მილიონი დოლარი). "აჭარისწყალი-საქართველო" არის ერთობლივი საწარმო, რომელიც აერთიანებს "ტატა ჯგუფს" (ინდოეთი),Clean Energy Invest(ნორვეგია) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას. ეს პროექტი დაეხმარება საქართველოს ენერგეტიკული თვითკმარობის მიღწევაში. ახლახან მე დავესწარი ისტორიულ მოვლენას - 280 მეგავატის სიმძლავრის ნესკრა-ჰესის მშენებლობის დაწყებას. საქართველოს საპარტნიორო ფონდი, კორეის სახელმწიფო წყლის რესურსების კომპანიასთან თანამშრომლობით, განახორციელებს ერთი მილიარდი დოლარის ინვესტირებას ამ ჰესის მშენებლობაში, რომელიც ყოველწლიურად გამოიმუშავებს 1,2 მილიარდ კილოვატ ენერგიას საათში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.