"დასაფასებელია ის ძალისხმევა და ნაბიჯები, რასაც სამინისტრო დგამს. დაწესებულების ევროპულ სტანდარტებთან მისაახლოებლად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უდავოდ ბევრი გააკეთა," _ აღნიშნა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ, რომელმაც დღეს მინისტრ კახა კახიშვილთან ერთად ახალგახსნილი N 16 პენიტენციური დაწესებულება დაათვალიერა.
კრისტიან ურსემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს საშუალება ეძლევათ ჩაერთონ სხვადასხვა პროგრამაში, შეიძინონ სპეციალობა და დასაქმდნენ.
კახა კახიშვილმა და კრისტიან ურსემ სერტიფიკატები გადასცეს მსჯავრდებულებს, რომელთაც კომპიუტერის შემსწავლელი საბაზისო კურსი გაიარეს და დაარიგეს ბროშურები _ დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების სტანდარტი და მისი გზამკვლევი.
"მოვინახულეთ დაწესებულება და გავესაუბრეთ მსჯავრდებულებს. სამინისტროსთან ერთად ევროპის საბჭომ მომზადა სამედიცინო მომსახურების სტანდარტი და დაბეჭდა ეს ბროშურა, რომელიც დღეს დავურიგეთ მსჯავრდებულებს. ბროშურის მეშვეობით ისინი გაეცნობიან იმ სერვისებს, რომლითაც შეუძლიათ სარგებლობა," _ განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა.
"ეს დოკუმენტი სამინისტროს, ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის თანამშრომლობის კარგი მაგალითია და პასუხობს ჩვენს საერთო ამოცანას: თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას", _ აღნიშნა კრისტიან ურსემ.
პატიმრობის დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების სტანდარტები ციხეებში პატიმართათვის განკუთვნილი ჯანდაცვის სერვისების უნიფიცირებული აღწერაა, რომელიც 2015 წლის 24 აპრილს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა. სტანდარტების დოკუმენტი სამედიცინო მუშაკებს გადაეცათ, ხოლო აზერბაიჯანულ, თურქულ, ინგლისურ, სომხურ, სპარსულ, ქართულ და რუსულ ენებზე მომზადებული სტანდარტების გზამკვლევი _ მსჯავრდებულებს.