"ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების" ფარგლებში, ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ეკონომიკური ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა სასტუმრო "რუმსში" განაცხადა, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გამართულ მრგვალ მაგიდას დაესწრო.
მისი თქმით, ეს შეთანხმება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე ფოკუსირდება.
"ჩვენი მოსაზრებით, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის და შემოსავლების მოზიდვისთვის. თქვენ იცით, რომ ამ პროცესის მთავარი მიზანი ცხოვრების გაუმჯობესებაა საქართველოში მცხოვრები ასი ათასობით და იმედი გვაქვს, მილიონობით ადამიანისთვისაც.
დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელეთ, როგორ შეგვიძლია არსებული თანხების უკეთ გამოყენება. ჩვენ გამოვყავით 45 მილიონი ევრო საქართველოსთვის, საგრანტო მხარდაჭერის ფარგლებში, რათა დავეხმაროთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციას. თუმცა, დღეს გაკეთდა განცხადება, რომ წელს კიდევ 200 მილიონი ევრო გვაქვს გამოყოფილი არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ისეთი თავისუფალი ქვეყნებისთვის, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო.
დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ასევე, მოვისმინეთ ქართული ბიზნესის წარმომადგენელთა იდეები თუ როგორ ჯობია ამ თანხების გამოყენება და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს თანხა ეფექტურად იხარჯება", -განაცხადა იანოშ ჰერმანმა.