ენერგეტიკის სისტემაში ახალი კადრების დანიშვნამ ისევ აჟიოტაჟი გამოიწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ანალიტიკოს დემურ გიორხელიძეს.
— ბატონო დემურ, ენერგეტიკის სამინისტროში ახალი კადრების დანიშვნას საზოგადოების მხრიდან ისევ აჟიოტაჟი მოჰყვა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გვაქვს თუ არა იმის საფუძველი, რომ განვაცხადოთ, კახი კალაძის დანიშვნა მინისტრის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრის მხრიდან შეცდომა იყო?
— მე ვფიქრობ, რომ თითოეული კანდიდატის დანიშვნის სათითაოდ განხილვა დღეს არ არის გამართლებული, რადგან ცოტა ხანში უფრო დიდი განსჯის საგნად იქცევა, თუ ის შედეგი ვერ მივიღეთ, რასაც ხალხი მოელის. კიდევ ვიმეორებ, თუ შედეგები სათანადო არ იქნება, ისეთი, რასაც ხალხი მოელის, საკადრო პოლიტიკა არათუ განსჯის საგანი გახდება, არამედ...
—როგროც ცნობილი გახდა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ამ დღეებში “ინტერ რაოს” წარმომადგენლებს შეხვდება, სადაც საუბარი ტარიფების რეგულირების საკითხს შეეხება. თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია მოხდეს ტარიფების დაწევა საქართველოში?
— უპირველესად, საჭიროა პოლიტიკური ნება იყოს. აქ უნდა იყოს რაციონალური მიდგომა — მე არ ვფიქრობ, რომ ის ტარიფი, რომელიც არის, უნდა დარჩეს. ჩვენ თემატურ ჯგუფში დეტალურად დავიანგარიშეთ ყველაფერი და ჩანს, რომ დიდი რეზერვია იმისა, გაზის ტარიფი თითქმის განახევრდეს და დენის ტარიფიც მნიშვნელოვნად შემცირდეს. თუ ვინმეს სხვა მოსაზრება აქვს, შეგვიძლია სულ რაღაც თხუთმეტ წუთში ვაჩვენოთ, როგორ არის შესაძლებელი ტარიფების დაკლება. ეს არითმეტიკული გათვლით სრულიად შესაძლებელია. თუმცა ახალ ხელისუფლებაშიც გარკვეული ჯგუფები ლობირებენ ამ საკითხებს და ცდილობენ, შენარჩუნდეს ის ტარიფები, რომელიც გვაქვს.
ასეთი უსამართლო ტარიფები, ვის უნახავს? ქვეყანა შემოსავლის გარეშეა დარჩენილი, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შემოსავლები არ ჰქონდეს და ამხელა ტარიფებს იხდიდეს, წარმოუდგენელია. ეს ელემენტარული საკითხია, რომელიც მსჯელობადაც არ ღირს!
— ესე იგი, შესაძლებელია, რომ ტარიფები დაიწიოს?
— ეს არამარტო შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც.
—საუბარი იყო თემატურ ჯგუფზე, რომელიც სხვადასხვა დარგის მიმართულებით მუშაობდა. როგორც მაშინ ითქვა, შემუშავებულია გეგმა, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. საზოგადოებაში უკვე გაჩნდა მოსაზრება, რომელიც ამ გეგმის არსებობას ეჭვის ქვეშ აყენებს. საინტერესოა, არსებობს ასეთი გეგმა?
— იმ თემატურ ჯგუფში, სადაც წამყვანი სპეციალისტები მუშაობდნენ, შემუშავებულია ანტიკრიზისული გეგმა ყველა მიმართულებით, უბრალოდ, გარკვეული ჯგუფი ამ გეგმას იგნორირებას უკეთებს. ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ყველაზე დიდი კონცეფცია, როგორიცაა სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმა, საზღვარგარეთ გაგვეტანა და უცხოელი სპეციალისტებისთვის გაგვეცნო. თუ დასჭირდება მთავრობას, ჩვენ მზად ვართ, გავაცნოთ ჩვენი ნამუშევარი, თუმცა დიდი ენთუზიაზმი ამ მიმართულებით, ჯერჯერობით, არ ჩანს. მე, როგორც “ქართული ოცნების” თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვითხოვე სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა. თუმცა მისმა ერთ-ერთმა თანაშემწე მეუბნება, რომ მინისტრის ორკვირიანი სამუშაო გეგმა გაწერილია და ის ვერ შემხვდება. არ ვიცი, ეს ვისი სიტყვებია — მინისტრის, თუ თავად იმ თანაშემწის. თუ ორი კვირა მისი გეგმა გაწერილია და არ შეუძლია ჩემთან შეხვედრა, ეს არის “ბოლშევიკი” მინისტრის მიერ გაცემული პასუხი და არა ჩემი კოლეგის მიერ ნათქვამი. თუ ეს მისი პასუხი არა არის, ახლა მაინც გაიგებს, რომ ეს არის ბოლშევიკურ-კომკავშირული ნათქვამი, ამიტომ კეთილი ინებოს კირვალიძემ და თემატურ ჯგუფთან შესახვედრად დრო მოძებნოს. თუ ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა მიდგომები არ შეიცვალეს, ეს ხეირს არც მათ და არც ქვეყანას არ მოუტანს.