როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა რეზი არველაძემ იმ ოთახში, სადაც დელეგატები არიან შეკრებილები და არ დარეგისტრირებულან, განაცხადა, ისინი იქ ძალით არავის დაუკავებია.
არველაძის თქმით, ის პასუხისმგებლობას გრძნობს იმ ერთი დელეგატის მიმართ, რომელიც ციხეში ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების გამო ზის.
"ჩემს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მე უნდა ვიყო მოგებული და ადამიანი უნდა იჯდეს ციხეში? ის კაცი რომ დღეს ციხეში ზის, ამას ჩემს მდგომარეობას ვუკავშირებ. აქამდე ერთი ცუდი განცხადება არ გამიკეთებია, არც ვინმეს ვადანაშაულებ. უბრალოდ, ადამიანური პასუხისმგებლობა გვაქვს ყველას. მეც მინდა, რომ არჩევნები დღეს ჩატარდეს. საქართველოში არეული სიტუაცია რომ არის, ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების მიმართ ამხელა ყურადღება რომ არის და ასე ფიგურირებს ყველგან ჩემი სახელი, არ მინდა. არ ღირს არანაირი თანამდებობისთვის ბრძოლა, როდესაც ერთ ადამიანს მაინც ექმნება საფრთხე. გთხოვთ ყველას, გამოუშვით ეს ადამიანი. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ. აქაც ძალით არავის ვაკავებ. შეხედეთ ამ ხალხს - ჩემ ჭკუაზე მოსიარულეებს გვანან ესენი? პირადად მე, მოვუწოდებ ყველას, დარეგისტრირდნენ და ჩატარდეს არჩევნები", - განაცხადა არველაძემ.