ივერიონი / ზვიად ნოდია: ეკუმენიზმი მართლმადიდებლობის ჩანაცვლებაა და იგი საეკლესიო ორგანიზმის მოწამვლას იწვევს!

ზვიად ნოდია: ეკუმენიზმი მართლმადიდებლობის ჩანაცვლებაა და იგი საეკლესიო ორგანიზმის მოწამვლას იწვევს!

„ივერიონში“ დაიბეჭდა ინტერვიუ ახალგაზრდა თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილთან სათაურით "ზედმეტი ლიბერალიზმი სარწყავ ნაკადულს წამლეკავ ზღვად აქცევს". ინტერვიუს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ ჩვენი ერთგული მკითხველისა და საინტერესო პუბლიკაციების ავტორის, პუბლიცისტ ზვიად ნოდიას გამოხმაურებას.

 

გიორგი, ვეცდები შენი სიტყვები შენზე უფრო სწორად დავაწყო, რადგან, მიზეზი იმისა, რომ შენთვის "უცნობია თუ რა სახის საფრთხე შეიძლება არსებობდეს სადღეისოდ ეკუმენიზმის კუთხით", სხვა რა უნდა იყოს, თუ არა და ის მოდერნისტული გადახრა მართლმადიდებლობისგან, რაზედაც წმიდა მამები წინასწარმეტყველებდნენ: "მიძინებული მსოფლიო საზოგადოება ვერც იგრძნობს და მხოლოდ რჩეულნი დაინახავენ მოცემულ რეალობას და შეიცნობენ სინამდვილეს". 

 

თუკი სიტყვებს სწორად მოვიმარჯვებთ, იმაზე მეტი საფრთხე რა შეიძლება იყოს, ვიდრე ანტიქრისტეს რელიგიის აკვანის - ეკუმენიზმის სახით მართლმადიდებლობის ჩანაცვლებაა. ამის ვერ შემჩნევა წინაპირობაა ანტიქრისტეს ბეჭდის ვერ გამოცნობისა. 

 

ცნობილია, რომ ეკლესია სამოთხეა დედამიწაზე და თუ მასში შეპარულმა გველის გესლმა - ერესმა მოწამლა საეკლესიო ორგანიზმი, ეს იწვევს ისეთივე სიკვდილს, რაც ეწიათ ადამ და ევას; იწვევს ისეთივე განდგომილებას ქრისტესგან, რამაც კაენი გააუცხოვა ღმრთისაგან; და, თუკი ღმერთმა ის ანგელოზები არ დაინდო, ვინც შესცოდა მთავარანგელოზ სათანიელთან ერთად, არც მონოფიზიტები და რომო-კათოლიკები დაინდო, ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ არც პანეკუმენისტ მართლმადიდებლებს დაინდობს, ვინაიდან იგი ემსახურება გაერთიანებული მსოფლიო რელიგიის შექმნას. 

 

როგორც ერთი წვეთი კუპრი აფუჭებს მთელ კასრ თაფლს, ასევეა ეკუმენიზმიც, რომელზედაც ის უნდა გეთქვა, რაც თქვი ლიბერალიზმზე (რადგან იგივეა, რაც მოდერნიზმი და ეკუმენიზმი და ამიტომ, შენს ნათქვამ ლიბრეალიზმში ვიგულისხმოთ - ეკუმენიზმი) - " ...ლიბერალიზმით იზღუდება რელიგიური მსოფლმხედველობა და დოგმატური აზროვნება, რამეთუ, მას სამართლებრივად ახასიათებს ზნეობის და სულიერი ფასეულობების მიმართ ცალსახა ნეიტრალობის პრინციპი, რაც ფუნდამენტურ წინააღმდეგობაში მოდის ქრისტიანობასთან"... 

 

"მართლმადიდებელთათვის კი საეკლესიო სამართლის, ანუ წმინდა დიდი სჯულისკანონის მიხედვით, ყოვლად დაუშვებელია დოგმატურ ცდომილებაში მყოფ ერეტიკოსთან ერთად ლოცვა და მსახურებაში მონაწილეობის მიღება"... სწორედ ამიტომ, არამცთუ თანამლოცველობა, არამედ... "საღმრთისმეტყველო დისპუტიც კი სხვა სარწმუნოების მიმდევრებთან უნდა მოხდეს მრავალსაუკუნოვანი და უცდომელი გამოცდილების, მისი კანონიკისა და დოგმატების სრული დაცვითა და კეთილკრძალულებით, ანუ არა სწავლა-მოძღვრებითი კომპრომისით, არამედ ჭეშმარიტების ღია დამოწმებით, არა დიპლომატიური კეკლუცობით, არამედ წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელისეული პათოსით". 

 

რამდენადაც სწორად აწყობილ-დაწყობილი სიტყვებით ეკუმენისტური საფრთხე გამოვაჩინეთ და რამდენადაც შენთვის უცნობი არაა მსოფლიო ეკლესიის პატრიარქ ბართლომეოსის არამცთუ თანალოცვა -ზიარება მწვალებლებთან, არამედ, დაუნდობელი ჟინი მართალი მართლმადიდებლების თავზე გადავლისა და მსოფლიო რელიგიისთვის ხელშეწყობისა, ისღა გრჩება, რომ სჯულისკანონი მიუყენო და ყველაფერს ნათელი დაადგება. თანაც, რაც ამაში ხელს გიშლის, იმასაც დაარქვი ნამდვილი სახელი... მართლმადიდებლობის ზეიმის ღირსი მამები ასე იქცეოდნენ და რაღად გვინდა ნაკითხობა და ზოგადი მაღალფარდოვნება, თუკი სიმართლეში არ ვემსგავსეთ მათ! ხოლო, ვინც მათ მეშურნეობას და სულ მცირედი გადახრისადმი უკომპრომისობას - რითაც გადაარჩენდნენ ხოლმე ეკლესიას ვერ ხედავს, ცხადია ის ვერც იმ დიდ თვალსაჩინოებას დაინახავს, რასაც თანამედროვე ეკლესიის ეკუმენისტური საფრთხე ჰქვია. 

 

ეკლესია ერთია და ეკლესიის თავის მიხედვით, ცხოვნდება ან წარწყმდება ეკლესია(გრიგოლ ღმრთისმეტყველი), ვინაიდან ბართლომეოსთან თანამლოცველობენ და ევქარისტულ ერთობაში გახლავან ყველა ადგილობრივი ეკლესიის პატრიარქები, მღვდელმთავრები, სამღვდელოება და მრევლი. აქედან გამომდინარე, რადგან პანეკუმენიზმი ისეთი ერესთა ერესია, რომელიც ანტიქრისტეს რელიგიას უყრის საფუძველს, მაშინ, ვისაც ქრისტეს ეკლესიის ერთგულება სურს, უნდა შეაჩეროს ევქარისტული ერთობა ერესიერარქებთან. სულიწმიდით განბრძობილი წმიდა მამები მსოფლიო კრებებზე გარდა დოგმატებისა, ასევე ამტკიცებდნენ - საეკლესიო დისციპლინას, საეკლესიო სამართალს, რადგან მრწამსობრივი ერთობა მოითხოვდა ერთობას კანონიკურ პრაქტიკაშიც. 

 

მადლმოსილი და ნაკურთხი კანონიკური ნორმების დარღვევა შიგნიდან აზიანებს ეკლესიის ჯავშანს, რის გამოც კანონები განკვეთენ და სჯიან შემცოდეთ, რაც არის საწინდარი საეკლესიო ორგანიზმი სიჯანსაღისა. 

 

მაშასადამე, სჯულისკანონი იგივე პრაქტიკული დოგმატიკაა; ანუ, პრაქტიკული მღვდელმოქმედება-თანამლოცველობა-ევქარისტული კავშირურთიერთობა ეკუმენისტებთან არღვევს დოგმატურ საყრდენს("კლდეს") ეკლესიისა და განდგომილებაში მოდის ქრისტესთან; 

 

პანეკუმენიზმს თავისი მრწამსი გააჩნია და მასთან მართლმადიდებლობის(მრწამსის, ლიტურგიის) სინკრეტიზაცია არის მშობელი მითოსურ-პაგანისტური ანტიქრისტიანობისა, რომლის პრეზიდენტი ცხრა წლის მანძილზე იყო საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, მაგრამ როგორც კი ამ გაუგებრობას ნათელი მოფინა ბერ-მონაზონთა დაპირისპირებამ ემს-სთან, მან დატოვა ეკუმენისტური მსოფლიო საბჭო. თუმცა, 2005-ში საპატრიარქოში! ხანუქობის სადღესასწაულოდ ჩაატარა რაბინთან ერთად პანეკუმენისტური ფსალმუნება და მენორაზე სანთლის დანთება, რაც შენივე ნათქვამით საეკლესიო სამართალს უნდა ექვემდებარებოდეს. იტყვის ვინმე - კრების განჩინების გარეშე ბრალს ვერ დავდებთო, მაგრამ რადგან ასეთ კრებას ვერავინ ბედავს, განა ამით რამე ეშველება ეკუმენიზმის არსებობას?! 

 

ბიბლიიდან და პატერიკებიდან ხომ ვიცით, რომ მსგავს შემთხვევებში ღმერთი მაინც იცავს სჯულისკანონს, უხილავად განკვეთს შემცოდეს(იხ. სარმიანე კათალიკოსის ისტორია) და გვაფრთხილებს - ჩემი კანონის დარღვევის გამო ისჯებითო! და, სადამდე მიდის უხილავად განკვეთილთა ცოდვები? - "ეკლესიის დაქვრივებამდე", უსამღვდელო ეკლესიამდე, რადგან ღმერთისგან განკვეთილთა ხელდასხმები ვერ ბადებს ჭეშმარიტ სამღვდელოებას და დროთა განმავლობაში ქრისტესთან აღარაფერი დააკავშირებს ასეთ ეკლესია -საკრებულოს. 

 

ახლაც ვერ ხედავთ - ეკუმენიზმის საფრთხეს?! 

 

დაწვრილებით არაფერს ვამბობ, ეკუმენისტური თანალოცვის სხვა ფაქტებზე და ღმრთისმბრძოლ მთავრობებთან მოთანამშრომლე "ორი ბატონის" მსახურ სერგიანელობის ინსტიტუტზე, რაც ყველა ადგილობრივ ეკლესიებში აქტიურად მოქმედებს. 

 

ართალია ეკლესიას დიდი იმუნიტეტი აქვს, ხოლო ეკუმენიზმი ერთსაუკუნოვანია, მაგრამ იმუნიტეტი მაშინ მოქმედებს და იცავს ეკლესიას სრული გაერეტიკოსობისაგან, როცა არაერეტიკოსები დისტანცირებას ახდენენ ერეტიკოსებთან - შენიშვნებით, შეგონებით, გაფრთხილებით, ბოლოსწინა ევქარისტული კავშირის შეჩერებით და ბოლოს კი - ანათემირებით. მსგავსი პროცესი არ მიმდინარეობს მსოფლიო ეკლესიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ - "დუმილი თანხმობის ნიშანია". 

 

ეს კი - ახლოსაც არაა სამეუფო გზასთან და არც ამის მამხილებელია - "კონსერვატორი", "ფანატიკოსი", "ფუნდამენტალისტი"... 

 

„ივერიონს“ მოვუწოდებ ამ დისპუტში მონაწილეობა შესთავაზოს ეკლესიის ყველა კეთილმოსურნეს, ცხადია იმათ, ვინც ამ საქმეში ერკვევა.

 

6-10-2015, 11:46
უკან დაბრუნება