საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორი დელეგაციის ერთდროულად ვიზიტის პირობებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები გადანაწილდნენ და ამჯერად მოხდა ისე, რომ თავად ელჩი პრემიერთან იყო.
"პროტოკოლში ჩახედული არ ვარ, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ორი დელეგაციის ერთდროული ვიზიტის პირობებში საელჩოს თანამშრომლები გადანაწილდნენ. ამჯერად მოხდა ისე, რომ თვითონ ელჩი იყო პრემიერთან და საელჩოს სხვა მაღალი თანამდებობის პირები - პრეზიდენტთან. ცხადია, რომ ელჩი ორივე დელეგაციაში ერთდროულად ვერ იქნებოდა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
სერგეენკოს განცხადებით, იმ მიმართულებით, რაზეც ის არის პასუხისმგებელი - ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე, საქართველოსა და ამერიკას შორის არამცთუ აქტუალური, არამედ მზარდი ურთიერთობებია.
"შემიძლია, ეს ფაქტი ცალსახად დაგიდასტუროთ და ჩამოვთვალო არაერთი პროექტი, რომელიც ამერიკის აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს. მე მგონი, საკმარისი იქნება მხოლოდ ერთი მათგანიც, ჩ ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის დასახელება. ასეთი მასშტაბის არა, მაგრამ მსგავსი ათეულობით პროექტი ხორციელდება. შემიძლია, კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობა ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოსა და ამერიკას შორის წარმატებული და მზარდია", - განაცხადა დავით სერგეენკომ.