ღია წერილი კინორეჟისორს, ბატონ ოთარ იოსელიანს!
ეს ღია წერილი „ივერიონს“ თამაზ ჭეიშვილმა გამოუგზავნა.
ბატონი თამაზი ეხმაურება ოთარ იოსელიანის გახმაურებულ ინტერვიუს, რომელიც მან „რუსთავი-2“-ს მისცა და სადაც საუბრობს, რომ საქართველოს მთავრობა არ ჰყავს, არამედ საქართველოს ჰყავს ერთი მილიარდერი, რომელსაც იდეები აწუხებს!
ბატონო ოთარ, ძალიან შორს ხართ საქართველოდან არა მარტო ტერიტორიულად, მენტალურადაც!
თქვენ ცხოვრობთ „მარსზე“ და წარმოდგენა არ გაქვთ, როგორ არის მოწყობილი „პლანეტა დედამიწა“! თქვენი შესანიშნავი ფილმების „პასტორალი“ და „გიორგობის თვე“ შექმნის შემდეგ, ბევრი რამ აღარ არის „ძველებურად“. საქართველო არ არის ისეთი, როგორიც გახსოვთ და დატოვეთ. უამრავი რამ გარდაიქმნა ქართულ ხასიათში. ღირებულებები გადაფასდა, შეხედულებებიც!
ბატონო ოთარ, საერთოდ წარმოდგენა გაქვთ, რითი ვცხოვრობთ და ვსუნთქავთ ქართველები, როლებმაც გადავიტანეთ,თბილისის ომი, შეიარაღებული სამოქალაქო დაპირისპირება, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საუკეთესო შვილებისა და ძმების დაკარგვა?
თქვენ ცხოვრობთ ცივილიზებულ, საათივით აწყობილ ქვეყანაში და ალბათ გგონიათ, რომ ისევე როგორც თქვენ, ჩვენც ყოველ საღამოს მშვიდი განწყობით ვიძინებთ და აზრადაც არ მოგვდის, რომ შეიძლება სადღაც ახლოს, ბავშვი შიმშილით კვდება! უბრალოდ,არ აქვს ელემენტარული რამ,საკვები და კვდება!
ეს ხდება ჩემს, თქვენს საყვარელ სამშობლოში, საქართველოში. ოფიციალური სტატისტიკა თავზარდამცემ ფაქტებს გვთავაზობს - „საქართველოში, ყოველწლიურად, შიმილით იღუპება სამასამდე ბავშვი, ხოლო ათიათასობით მარტოხელა პენსიონერი, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, იმის გამო, რომ არ ყოფნით პენსია“!
რა იცით თქვენ ბიძინა ივანიშვილის შესახებ? განა ჩვენზე მეტი იცით, რომ ასეთ თამამ განცხადებებს აკეთებთ? ან ჩვენზე მეტად გაწუხებთ ის ფაქტი, რომ ამ 25 წლის მანძილზე კიდევ ერთხელ გაგვიცრუვდა მოლოდინი?!
ბიძინა ივანიშვილის ქების და გაკიცხვის უფლება მხოლოდ ჩვენ გვაქვს, ვინც ყოველღამე ვიძინებთ და ყოველ დილით ვიღვიძებთ საქართველოში და არა თქვენ, თუნდაც წარმატებულ და მსოფლიო დონის ხელოვანს, რომელიც ისე შორს ხართ ჩვენი პრობლემებისგან, როგორც ეიფელის კოშკი მთაწმინდის სატელევზიო ანძისგან!
თუნდაც ის ფაქტი, რომ ვრცელი ინტერვიუ უბოძეთ ტელევიზიას, რომელსაც, რბილად რომ ვთქვათ, საზოგადოება არ ენდობა, ჩრდილს აყენებს თქვენ სახელს და ვერ ხვდებით, რომ უნებულიედ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდით?!
არ არის გამორიცხული, რომ პიარისა და პროპაგანდის დიდოსტატი „ნაციონალების“ გავლენის ქვეშ მოექეცით და რაც თქვით ყველაფერი შეგნებულად და გაცნობიერებულად ბრძანეთ!
პატივს გცემთ, გულწრფელად გეთაყვანებით როგორც დიდ ხელოვანს და მსოფლიო დონის კინორეჟისორს, ამდენად გული მწყდება, რომ შანტაჟისა და ინტრიგების ქსოვის ოსტატებმა, „რუსთავი 2“-ის იდეოლოგიურმა „მედესანტეებმა“ ჩრდილი მიაყენეს თქვენ სახელს!
თამაზ ჭეიშვილი