მომავალ კვირას პარლამენტი მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის განხილვას იწყებს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადების ფონზე, რითაც 2016 წელს საპენსიო ზრდა არ იგეგმება, სავარაუდოდ, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ყველაზე მწვავე კრიტიკულ კითხვებზე მოუწევს პასუხების გაცემა. მედიის დაინტერესება მის პოზიციასთან დაკავშირებით ძალიან დიდია, სწორედ ამიტომ დიმიტრი ხუნდაძე პენსიების ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"2016 წლის ბიუჯეტში მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულებით კვლავ იზრდება 285 მილიონი ლარით, აქედან 100 მილიონი საყოველთაო ჯანდაცვაზე, 22 მილიონი ჩ ჰეპატიტის პროგრამაზე, დანარჩენი გადანაწილებული იქნება ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ პროგრამაზე. ამით მსურს, ჩვენს ოპონენტებს ვუპასუხო - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ან სხვა პროექტები კი არ ჩერდება, არამედ პირიქით, მათი ბიუჯეტი საგრძნობლად იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა პროგრამა წარმატებით განაგრძობს განხორციელებას, ანუ სახელმწიფო აგრძელებს თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და მათ სოციალურ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას.
სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი სწორედაც რომ ჩვენი მოსახლეობის აუცილებელ საჭიროებებზეა გათვლილი.
ჩვენი და პირადად ჩემი პოზიცია განსაკუთრებით მგრძნობიარეა პენსიონერთა მიმართ. 2012 წლიდან დღემდე საპენსიო გასაცემელი 400 მილიონზე მეტით გაიზარდა. მართალია, ეს ციფრი პენსიონერთათვის დიდი შვება არ არის, მაგრამ ჩვენ რეალური შესაძლებლობებიდან გამოვდივართ. ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ეფექტურობა განსაკუთრებით პენსიონერთა რიცხოვნობაზე აისახა - მათი რაოდენობა ბოლო ორი წლის მანძილზე 10 000-ით გაიზარდა. გაიზარდა ასევე სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაც.
მიუხედავად ამისა, 2016 წელს პენსიების ზრდასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია მაქვს. ვფიქრობ, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენს პენსიონრებს მორიგი საპენსიო ზრდით კიდევ უფრო შევუმსუბუქოთ ის სოციალური მდგომარეობა, რაც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ პრობლემურია საქართველოში. ვითვალისწინებ რეალობას, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველა შესაძლო რესურსი უნდა იქნას გამოყენებული, რომ 2016 წელს პენსიები გაიზარდოს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.