სტიქიის ან სხვადასხვა შემთხვევის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს თბილისის მერია შეღავათიან სესხს სთავაზობს. შესაბამის საკითხს თბილისის მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.
როგორც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ სხდომაზე განაცხადა, დაზარალებულ მეწარმეებს სესხის აღება 3 პროცენტში შეეძლებათ.
"დღეს ვიხილავთ საკითხს, რომელიც შეეხება სტიქიით დაზარალებულ მეწარმეებს და აქ არ იგულისხმება მხოლოდ დედაქალაქში, 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული მეწარმეები, არამედ საკითხი ეხება ზოგადად - ხანძრის, სახლის დაზიანების, სხვადასხვა ფორსმაჟორული ვითარების შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს. მათ შეუძლიათ ისარგებლონ დედაქალაქის მერიაში "იაფი სესხის" აღებასთან დაკავშირებული პროგრამით კიდევ უფრო შეღავათიანი პირობებით. კერძოდ, მათ შეეძლებათ სესხი ნაცვლად 6 პროცენტისა, მიიღონ 3 პროცენტად. სხვა დანარჩენს მათ დედაქალაქის მერია დაუფარავს. სესხის პერიოდი 60-დან 84 თვემდე გაიზრდება, ხოლო საშეღავათო პერიოდი 6-დან 12 თვემდე იქნება გაზრდილი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.