საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიმდინარე წლის 7-9 ოქტომბერს, სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს ეწვევა.
ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერს შეხვდება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, ვარშავის სამიტისათვის მზადება და ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი იქნება განხილული.
საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს ევროკავშირშიც გამართავს. კერძოდ, გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის, გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარს იოჰანეს ჰანს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ჰერბერტ სალბერს და ვაჭრობის საკითხებში ევროკიმისარს სესილია მალმსტრომს შეხვდება.
ევროკავშირში დაგეგმილ შეხვედრებზე განხილულ იქნება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული პრიორიტეტები, მათ შორის, ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის დროულად დასრულების მნიშვნელობა. აგრეთვე, საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა და ამ პროცესში ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობა.
ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის სამეფოს პრემიერ მინისტრის მოადგილეს და საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა მინისტრს დიდიე რეინდერსთან გაიმართება შეხვედრა.
მინისტრი შეხვედრებს ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკურ და უსაფრთხოების კომიტეტში (Pშჩ) ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან და ადგილობრივი პრესის წარმომადგენლებთანაც გამართავს.