ყოველი მოაზროვნე და პატიოსანი ადამიანი შეძრწუნებული უნდა იყოს სათამაშო ბიზნესის ობიექტების, კაზინოების ასეთი მომრავლებით. მსოფლიო შეწუხებულია ინტერნეტსივრცეში სათამაშო ბიზნესის შეჭრით და ფიქრობს, როგორ აღუდგეს წინ ამ დამანგრეველ პროცესს.
ქვეყნების უმრავლესობას, უპირველესად დემოკრატიულ ქვეყნებს, აკრძალული აქვთ, ან უდიდესი შეზღუდვა აქვთ დაწესებული კაზინოებზე, ტოტალიზატორებზე, სათამაშო ბიზნესზე საერთოდ.
საქართველოში ბოლო ორი ათეული წელია, სრულიად საპირისპირო პროცესია!
დამაფიქრებელია, რომ უკანასკნელი ადგილობრივი არჩევნების წინ ეს პროცესი საგრძნობლად შეჩერდა, არჩევნების შემდგომ კი ყოველგვარ ზღვარს გადაცდა, სოკოებივით იზრდება კაზინოების ოდენობა. გამორჩეულად – საკულტო და სააღმზრდელო დაწესებებულებების მიმდებარე ტერიტორიებზე. ეს მთელ საქართველოს მოედო, განსაკუთრებით თბილისს, ბათუმს, ქუთაისს და დიდ ქალაქებს.
სამარცხვინოა – საპატრიარქოს გვერდით სააკაშვილის რეჟიმის დროს აშენებული კაზინო დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს. მსგავსი მაგალითები უამრავია. განსაკუთრებით ეს სატანის იარაღი მოჭარბებულია აჭარაში. როგორც ბათუმელები ამბობენ - ბათუმი წალეკა კაზინოებმა.
ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ ასე გაწირავდნენ ქუთაისს!
ქუთაისში, სამეფო სახლის და კლასიკური გიმნაზიის გვერდით კაზინოა, რომელიც ადგილობრივი არჩევნების მეორე დღესვე გახსნეს!
სამარცხვინოა – საჯარო ბიბლიოთეკის გვერდით, იმ მხრიდან, საიდანაც ხდება მისი უნიკალური ფონდების ვენტილაცია, მორიგი სასტუმრო-სამორინეს მშენებლობის ნებართვა გაიცა.
ფაქტები უამრავია – ქუთაისიც მიაქვს სათამაშო ბიზნესს.
საქართველოში სათამაშო ბიზნესის ასეთი გაფეტიშება თუ ხელისუფლების ინტერესიცაა, გასაგები ხდება, რატომ ვარ მათთვის მიუღებელი, რითაც ვამაყობ კიდეც!
ვწუხვარ, რომ ასე ჩაკვდა მოაზროვნე ადამიანთა ხმა მშობლიურ ქალაქში. მინდა არა მხოლოდ ვიფიქრო, არამედ ვისურვო, რომ ამ უბედურებათა თაობაზე საზოგადოება არაა სრულად ინფორმირებული და ხელისუფლების ინტერესები არ არის აქ ჩამარხული.
თუ ასე არ არის, შევახსენებ ვისაც ჯერ არს. რომ სათამაშო ბიზნესით, და ამ გზით ხალხის გაუბედურებით, ქვეყნად არავის გაუხარია, გარდა კაზინოს მეპატრონისა. ვთხოვ ხელისუფალთ, დაუყოვნებლივ დაინტერესდნენ ღვთისთვის და კაცისთვის ამ მიუღებელი საქმიანობით და დროულად აღკვეთონ ქალაქის ცენტრში ერის გამაუბედურებელი ობიექტების ფუნქციონერება. კაზინო ხომ ყოველივე ეროვნულისა და თავად ერის ფიზიკური მოსპობის მსოფლიოში აღიარებული ინსტრუმენტია.
სერიოზულად მაფიქრებს ის, რომ ხელისუფალთა და პოლიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა ამერიკისადმი ერთგულებითაა სავსე, ყოველივე კარგ ამერიკულს კი შანთით ებრძვის.
ამერიკაში – კაზინოები პრაქტიკულად აკრძალულია რამდენიმე ქალაქის გარდა;
ამერიკაში – სენატიც და კონგრესიც მაჟორიტარული არჩევნებით ყალიბდება;
ამერიკაში – გამორიცხულია საკუთრების ხელყოფა.
კიდევ არაერთი ბევრი მსგავსი ფაქტის დასახელება შეგვიძლია… ჩვენთან კი, ყველაფერი პირიქითაა: ქალაქებს და ტერიტორიულ ერთეულებს ართმევენ მაჟორიტარ დეპუტატებს, ეკონომიკის ლიბერალიზაციის ნაცვლად ამკვიდრებენ მორალურ და ზნეობრივ ღირებულებათა გაუგებარ ლიბერალიზაციას; ქვეყანას ავსებენ კაზინოებით, ადამიანთა გაღატაკების სხვა მსგავსი საშუალებებით. საკუთრება კვლავ დაუცველია.
თემურ შაშიაშვილი,
პარტია თეთრების თავმჯდომარე