NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NTO-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს პროგრესსა და მის კონტრიბუციას NATO-ს სხვადასხვა ოპერაციებში, დეკემბერში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე და ივლისში, ვარშავის სამიტზე დააფასებს.
"საქართველო ნამდვილად აღწევს პროგრესს. ეს არის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია, ინსტიტუტებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირება, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა და მთელი საზოგადოების რეფორმირება, მათ შორის კანონის უზენაესობისაც, რომელიც საქართველოში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელოვანი ელემენტია. ამასთან, საქართველოს ნამდვილად წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში, NATO-ს სხვადასხვა ოპერაციებში, განსაკუთრებით ავღანეთში, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში კონტრიბუციით", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ დეკემბერში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე და ივლისში, ვარშავის სამიტზე მინისტრები მოძებნიან გზებს ამის დასაფასებლად.
"ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველოში ვხედავთ. ჩვენ მუშაობას განვაგრძობთ. საქართველოსაც და NATO-საც საშინაო დავალება აქვთ შესასრულებელი. ჩვენ გავაგრძელებთ არსებითი პაკეტის რეალიზაციას. საქართველო კი, რეფორმების ამბიციურ გზას გააგრძელებს", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.