საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სახელმწიფო სამსახურებში პრემიების და დანამატების გაცემის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ფინანსური რესურსების არათანაბარი გადანაწილებას არ მიესალმება. მინისტრი ამბობს, რომ პრემია 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე არ აუღია, ისევე როგორც შვებულებითაც არ უსარგებლია.
"ამ სისტემაში არსებობს შრომის ანაზღაურება და დანამატი. გნებავთ ჩათვალეთ პრემიად, გნებავთ არ ჩათვალოთ. ეს არის მოდელი, რომლის მიხედვით არის განსაზღვრული მთლიანად ხელფასი. მე ვფიქრობ ერთ რამეს, პრემია არ არის ცუდი გამონაგონი, ის არის კარგი ინსტრუმენტი ცალკეულ შემთხვევებში გამორჩეული ადამიანის, გამორჩეული საქმიანობის, განსაკუთრებული თავდადების დროს წასახალისებელი. თუ ავკრძალავთ პრემიას, უარი უნდა ვთქვათ მადლობის გამოცხადებაზე. ისიც წახალისების ფორმაა. პრემია კი არაა პრობლემა, სისტემა, რომელიც ფინანსური რესურსების არათანაბარი გადანაწილებას უწყობს ხელს. როცა ვიღაცა იღებს დამატებით შემოსავალს, ვიღაცა არ იღებს. თუ სახელმწიფო სამსახური შესაბამისი ანაზღაურებით ვერ უზრუნველყოფს მუშაკებს, მაშინ ეს სამსახური ვერ იქნება წარმატებული. ეს პროცესი ცუდი მაშინ არის, როდესაც დახურული, გაუმჭვირვალეა და ნაცნობ-მეგობრობაზეა აწყობილი. ადამიანები დაიწყებენ სხვა სამსახურების ძიებას, ან წავლენ სახელმწიფო სამსახურებიდან", - აცხადებს გარემოს დაცვის მინისტრი.
გიგლა აგულაშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფო სამსახურებში კადრების ოპტიმიზაცია კარგი გამოსავალია.
"მე სახელმწიფო სამსახურების ოპტიმიზაციას გავაკეთებდი, რადგან შტატები შეიძლება ითქვას, ბევრგან არის გაბერილი და ოპტიმიზაციის შემდეგ არ დავიშურებდი მაღალ ხელფასებს, ოღონდ ორიენტირებული ვიქნებოდი შედეგებისთვის. საქმის კეთებისთვის", - აღნიშნავს გიგლა აგულაშვილი.