ივერიონი / თამაზ მეჭიაური: "ნაციონალურ მოძრაობას" კარგად ესმის, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება

თამაზ მეჭიაური: "ნაციონალურ მოძრაობას" კარგად ესმის, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შანსები დღესდღეობით არ არსებობს. როგორც მეჭიაურმა  დღეს  გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა მხოლოდ მათი პიარკამპანიაა და ქვეყანაში არეულობის მოწყობას ისახავს მიზნად.

 

"მიმაჩნდა, რომ თავიდანვე უნდა ჩატარებულიყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ალბათ 6 თვის გასვლის შემდეგაც კი. რადგან ეს პოლიტიკური სპექტრი, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, აბსოლუტურად არ ასახავდა იმ ძალთა თანაფარდობას, რომელიც რეალურად არსებობდა ქვეყანაში. კერძოდ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო გაცილებით მეტი მანდატი, ვიდრე მისი მიღებული ხმები გახლდათ. უბრალოდ, იმ პერიოდში, დღევანდელმა მმართველმა ძალამ საერთაშორისო ორგანიზაციების აზრის გათვალისწინებით, საჭიროდ არ ჩათვალა სიღრმეებში ჩასვლა და მშვიდობიანი გზით ხელისუფლების ჩაბარება არჩია. ეს მოხდა ისე, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" დაუტოვეს საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა პარლამენტში. აქედან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკითხი მაშინ აქტუალური იყო. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რა შემთხვევაში და რა მექანიზმით შეიძლება ამის გაკეთება, საკმაოდ ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული და რაც დრო გადის, უფრო და უფრო რთული ხდება ამის გაკეთება.

 

რამდენიმე მიზეზი უნდა არსებობდეს, რის გამოც შეიძლება დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. თუნდაც ახლა ბიუჯეტის განხილვაა. რომ ჩავარდეს ბიუჯეტი, ვერ შეძლოს პარლამენტმა მისი დამტკიცება, ეს ერთ-ერთი მიზეზი იქნება. თუმცა, აქაც ბოლო სიტყვა ეკუთვნის პრეზიდენტს, რომელსაც შეუძლია, დაითხოვოს ან მთავრობა, ან პარლამენტი. 

 

უფრო მგონია, რომ ეს ყველაფერი პიარის ნაწილია. ძალიან კარგად ესმის "ნაციონალურ მოძრაობას", რომ მისი რეიტინგი კატასტროფულად ეცემა. ზოგი გვეტყვის, რომ ჩვენი რეიტინგიც ეცემა. ასეც რომ იყოს, ჩვენგან განაწყენებული ამომრჩეველი მათთან არ მიდის, ის მიდის უფრო რადიკალურ ძალასთან. რადგან, ჩვენზე განაწყენებული თუა ვინმე, განაწყენებულია სამართლიანობის აღდგენის არასაკმარისი ტემპისთვის. აქედან გამომდინარე, მათ ძალიან კარგად ესმით, რომ არჩევნების გზით ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში და რაც დრო გადის, მათი რეიტინგი კიდევ და კიდევ ეცემა. ისინი ცდილობენ, სხვადასხვა მეთოდით არიონ სიტუაცია, რადგან თეორიულად, მხოლოდ არეულ სიტუაციაში შეუძლიათ, არჩევნების გარეშე დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.

9-10-2015, 13:18
უკან დაბრუნება