ივერიონი / რატომ ვერ ითვისებს ქვეყანა ინტერნეტ-ბაზრის პოტენციალს?!

რატომ ვერ ითვისებს ქვეყანა ინტერნეტ-ბაზრის პოტენციალს?!

„ქართული პლატფორმა“

 

დღეს, მთავრობის ერთ-ერთ ძირითად ინტერესს ქვეყნის სრული ინტერნეტიზაცია, ელექტრონული მთავრობის მომსახურების კომპონენტების სრულყოფა და მრავალფეროვნება წარმოადგენს.

 

ქვეყანას, ციფრული გარემოს განვითარებისათვის გააჩნია მოქმედი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ფლობს ფინანსურ და საკადრო  რესურსს. 

 

უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს, მოსახლეობის ინტერნეტიზაციის პროექტზე ინტერესთა გამოხატვის კონკურსში მონაწილეობა არ მიიღო კორპორაციულმა სექტორმა. საბედნიეროდ, პროექტი მაინც გაგრძელდა „ფონდი ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფითა (120 მლნ ლარი) და გერმანული ფირმა „დეტეკონთან“ დადებული ხელშეკრულების შედეგად.  

 

უდაოა პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობა. ამასთან, პროექტის განხორციელების მიდგომები არარაციონალურია, რაც გამოიხატება შემდეგში: პროექტის კვლევის, ანალიზისა და დაგეგმვის სამუშაოებში მონაწილეობას არ იღებს ქართველი მეცნიერები და სპეციალისტები. დღის წესრიგში არ დგას (საჯაროდ არავინ აცხადებს) ციფრული საქართველოს განვითარების სტრატეგიისა და გეგმების მოდიფიცირების საკითხი, არ ხორციელდება ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისი სტრატეგიული საჭიროებების განსაზღვრა, შეფერხებულია კიბერსივრცის სამართლებრივი გარემოს მოწესრიგება, ბუნდოვანია ელექტრონული კომერციისა და ელექტრონული ბაზრის განვითარების მიდგომები.

 

საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს: იმისათვის, რომ ქვეყანამ ინტერნეტ-ბაზრის პოტენციალის ათვისება შეძლოს, საჭიროა ჯერ მოხდეს მოსახლეობის კომპიუტერიზაცია, კომპიუტერული უნარ-ჩვევების ამაღლება და სწავლება, შემდეგ განხორციელდეს ინტერნეტიზაციის პროცესი და მოხდეს ინტერნეტ ხელმისაწვდომობის ზრდა. ასეთი მიდგომებით შედეგს იგრძნობს საზოგადოებაც, ბიზნესიც და სახელმწიფო სექტორიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ელექტრონული გარემოს განვითარების ხელშემწყობი მიდგომები არაკანონზომიერი შედეგის იქნება.

 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქვეყანაში ძალიან დააგვიანა  კომპიუტერიზაციის პროცესმა. მაშინ, როცა საზოგადოების დიდ ნაწილს არ აქვს ინტერნეტის დამაბოლოებელი აპარატურა (კომპიუტერი), კვლევებზე აგებული არაა სტრატეგიული დოკუმენტი, ქვეყანას არ გააჩნია  ელექტრონული კომერციის კანონი, დაბალია რეგიონის მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკური ფონი, არაპროგნოზირებადია ელექტრონული გარემო, ბუნებრივია კორპორაციული სექტორი ინტერნეტ-ბაზარზე აქტივობისგან თავს იკავებს. შესაბამისად,  სახელმწიფო კარგავს იმ მნიშვნელოვან შემოსავლებს, რასაც ინტერნეტ-ბაზარი გენერირებს.  

 

ყველა ის ხარვეზი არ იქნებოდა, რომ გათვალისწინებული იქნას ქართველ მეცნიერთა ჯგუფის მიერ შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტი („საქართველოს ელექტრონული მთავრობის განვითარების მარკეტინგული სტრატეგია“), რომელიც კვლევების საფუძველზეა შექმნილი. აღნიშნული დოკუმენტით შესაძლებელია გაგებულ იქნას, თუ სად იმყოფება ქვეყანა, რა გამოწვევების წინაშეა და რა მიმართულებით უნდა იმოძრაოს მან.

 

რატი აბულაძე

„ქართული პლატფორმის“, 

ელექტრონული მთავრობის მიმართულების ხელმძღვანელი

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

 

9-10-2015, 13:42
უკან დაბრუნება