ივერიონი / სოსო ცინცაძე: “ხალხი მთავრობას აგინებს, ბიუროკრატია კი ფულის უსაფრთხო გზით შოვნაზეა გადასული!“

სოსო ცინცაძე: “ხალხი მთავრობას აგინებს, ბიუროკრატია კი ფულის უსაფრთხო გზით შოვნაზეა გადასული!“

 “ივერიონს“ ესაუბრება ექსპერტი სოსო ცინცაძე

 

-ბატონო სოსო, როგორ შეაფასებთ საქართველოში დღეს შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას, დაიწყება თუ არა ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაანონსებული არეულობა?

 

-არა, ჯერ არეულობამდე არ მივდივართ, ჯერ-ჯერობით,  სოციალური ფონის გაურესების სტადიაში ვართ და ყველაფერი  ხელისუფლების რეცეპტებზეა“ დამოკიდებული.

 

ხალხის ქუჩაში გამოსვლა და საპროტესტო აქციები არ არის მოსალოდნელი, ვინაიდან ამის მაორგანიზებელ ძალას ვერ ვხედავ. უკმაყოფილება ყველგან ყოველთვისაა, მაგრამ ამ უკმაყოფილებისთვის  კალაპოტის მიმცემი  პოლიტიკური ძალა და ლიდერები არ ჩანან.

 

 ხალხი ქუჩაში სულ იფურთხება, მთავრობას აგინებს, ცხოვრებას  უჩივის,  ბიუროკრატია კი გადასულია დროსტარებასა  და ფულის ლეგალურ,  უსაფრთხო გზით შოვნაზე ხელფასებისა და პრემიების გაზრდით, რისთვისაც, დღევანდელი კანონებით,  ციხეში ვერავის ჩასვამ.

 

-ამ ბოლო ხანებში, შეიძლება ითქვას,  პრეზიდენტი მარგველაშვილი გააქტიურდა, რაც ნათლად გამოჩნდა აშშ-ს სამიტზე გამოსვლასა  და “რუსთავი- 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მიგაჩნიათ, რომ მან დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში წამოიწყო?

 

-პრეზიდენტი ძალიან ფრთხილად, მოზომილად, ნაბიჯ-ნაბიჯ  მოქმედებს. მისი  პოლიტიკური გეგმები,  მინიმუმ,  5 წლის შემდგომდროინდელ სიტუაციაზეა გათვლილი. 

-თქვენი აზრით, რატომ ტოვებენ თბილისის მერიას მაღალი თანამდებობის პირები?

 

-კი არ ტოვებენ, ატოვებინებენ. დღესსაქართველოში თავისი ნებით სამსახურიდან არავინ არ მიდის. ერთადერთი იყო  ივანიშვილი  და ისიც იმიტომ, რომ მას ყოფითი პრობლემები არ აწუხებს,  არ აფიქრებს, ხელფასს თუ  დაკარგავს, მერე რითი იცხოვრებს.

 

ხელისუფლებაშიც  არიან მდიდარი ადამიანები, რომელთაც ხელი მიუწვდებათ ადმინისტრაციულ რესურსებზე  და თავისი ნებით სამსახურიდან არ წავლენ.

 

ჩემი აზრით, მერიაში ე.წ. ორთქლის გამოშვებასთან გვაქვს საქმე- აი, ვითომ ებრძვიან კორუფციას და ჩინოვნიკებს ათავისუფლებენ, არადა მთავარი ის კი არ არის, სახელი  გამოუცვალო სახელგატეხილ ჩინოვნიკს, არამედ ის, თუ ვისით ჩაანაცვლებ მას. თუ მისი შემცვლელი იმავე პრინციპით შეირჩა, როგორითაც ისინი შეირჩნენ, ვისაც დღეს თანამდებობიდან ათავისუფლებენ, არაფერი  შეიცვლება- 2  წელიწადში ისიც გამდიდრდება და არც ქრთამის აღებაზე იტყვის უარს, მაგრამ უმუშევარი არ დარჩება. აი, მალე ნახავთ  მერიიდან გათავისუფლებულ ხალხს, ჩუმად, ხმაურის გარეშე, სხვა სამსახაურებში. ამის კლასიკური მაგალითი შიხიაშვილია, რომელიც ვითომ გადააყენეს, არადა  შარი ხეირად ექცა -ცხოვრობს მშვიდად და უფრო კომფორტულად.

 

-დადგება თუ  არა თბილისის მერის გადარჩევის საფრთხე?

 

-ეს ივანიშვილის პირადი პრობლემაა, რომელიც 2012 წლის  წინასაარჩევნო კამპანიისას გვპირდებიოდა, რომ ჩინოვნიკებს ისე შეარჩევდა, როგორც საკუთარ ბიზნესსტუქტურებში არჩევდა, მაგრამ აღიარა,  რომ შეცდა ალასანიაში, რომელსაც პრეზიდენტობას უწინასწარმეტყველებდა; შეცდა  მარგველაშვილში, რომელსაც აქებდა- რუზველტსა და ლინკოლს ჰგავსო;  კალაძეც არ მოსწონს და დაქვეითებას უპირებსო, ამბობენ;   ნარმანიაზე ამბობდა, ბრწყინვალე მერი იქნებაო და ბოლოს მასაც ინერტული უწოდა,  ახლა ესეც რომ გაათავისუფლოს, რა ამბავი ატყდება, ხომ წარმოგიდგენიათ?!  ერთმა კაცმა გაუმართლოს ივანიშვილს (პრემიერ-მინისტრს ვგულისხმობ) და არა ქვეყანას, ვერაფერი საქმეა.

 

ნარმანია შეიძლება  პატიოსანი და ჭკვიანი ბიჭია, მაგრამ მერს სხვა კრიტერიუმი სჭირდება.  ხომ ხედავთ,  ქალაქი რა დღეშია- მოდის ზამთარი, მაგრამ ქუჩები დანგრეულია,  გაზი გაძვირდა, გაძვირებული დენიც  ხშირად ქრება, ქალაქი დაუსრულებელ  საცობშია. ეს მსოფლიოს ქალაქების პრობლემააო, მეტყვის ალბათ ნარმანია, მაგრამ მე ვუპასუხებ, რომ  ეს უკვე ადმინისტრაციის, საგზაო პოლიციის, ქუჩების დაგეგმარების და  პარკინგის პრობლემაა. ბოლო-ბოლო,  სითი-პარკი ვერ მოგვაშორა ნარმანიამ. ანეკდოტს გეტყვით,  პანაშვიდზე ვიყავი გლდანის ერთ-ერთ ქუჩაზე, სადაც ასფალტი არ არის დაგებული და  სიტი -პარკის ბოძი კი დგას!

 

 

                     ესაუბრა ია ჯღარკავა

 

 

 

 

 

9-10-2015, 20:57
უკან დაბრუნება