“ივერიონს“ ესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი
-ბატონო გია, როგორ შეაფასებთ საქართველოში დღეს შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას? დაიწყება თუ არა ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაანონსებული არეულობა?
-ფაქტია, რისკები მაღალია როგორც წმინდა პოლიტიური, ასევე სოციალური თვალსაზრისითაც. ვფიქრობ, “ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც განსაკუთრებითაა დაინტერესებული არეულობით, ლოკალურ აგრესიულ პროტესტს სახალხო მღელვარებაში ვერ გადაზრდის, რადგან ასეთი საპროტესტო ტალღის მობილიზაციის რესურსი არ აქვს.
წელს მნიშვნელოვან ცვლილებას არ ველოდები, მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ისეთი დინამიკა თუ გაგრძელდა, რაც დღეს გვაქვს, ცვლილება და კრიზისი გარდაუვალი იქნება და საპროტესტო ტალღაში მთელი ოპოზიცია ჩაერთვება. აი, მაშინ მართლა შეექმნება ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები.
-ამ ბოლო ხანებში, შეიძლება ითქვას, პრეზიდენტი მარგველაშვილი გააქტიურდა, რაც ნათლად გამოჩნდა აშშ-ს სამიტზე გამოსვლასა და “რუსთავი- 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მიგაჩნიათ, რომ მან დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში წამოიწყო?
-განსაკუთრებული მას არსად არაფერი უთქვამს. თუ “რუსთავი -2“-ზე მესაუბრებით, ის ვალდებულია ნებისმიერ ტელეკომპანიას მისცეს ინტერვიუ. ამავე დროს, ის ყოველთვის კორექტული და თავშეკავებულია. ასეთი ადამიანი კი, რა თქმა უნდა, არ მოსწონს ისეთს, ვინც მთელ დღე “სემიჩკას“ ჭამს და იფურთხება და ვისაც გინების ენა უკეთ ესმის. პრეზიდენტი ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს- ის არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ დადებითად ან აურყოფითად განწყობილი და უნდა იყოს ყველას პრეზიდენტი!
-თქვენი აზრით, რატომ ტოვებენ თბილისის მერიას მაღალი თანამდებობის პირები და დადგება თუ არა თვით დედაქალაქის მერ დავით ნარმანიას გადარჩევის საფრთხე?
-არ მგონია, რომ დღეს ხელისუფლებამ თბილისის მერის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გარისკოს. ხელისუფლება ნარმანიას თბილისის ოფიციალურ მართვას, ფაქტობრივად, ჩამოაშორებს, მაგრამ ფორმალურ მერად დატოვებს!
მერიაში არსებული კრიზისი ცენტრალიზებული სისტემიდან სუსტად მართული მმართველობითი კრიზისია, რაც მთავრობის დონზეც გვაქვს საქართველოში.
ესაუბრა ია ჯღარკავა