ცუდ დროს ვცხოვრობთ!ბევრი რამ გვაკლია! არ გვაქვს „ეს“... ,„ის“... ფული არ გვყოფნის! შიმშილით სული გვძვრება! ლარი გაუფასურდა! დოლარი გაძვირდა! „ნაციონალებს არ იჭერენ“... ის კი არა აქეთ ემუქრებიან „ოცნებას“! ...რას გვიშვება, კაცო, ეს მთავრობა?!
მილიარდერი „ბიძო“ მაყუთს არ გვჩუქნის... როდის ვცხოვრობდით „კარგ“ დროს, ან ვინ ცხოვრობდა „კარგ დროს“ ბედნიერად? და საერთოდ, რა არის ეს „კარგი დრო“ და ბედნიერება?
იქნებ 50-იანი წლებია? მიუხედავად იმისა, ომი ახალი დამთავრებული იყო გასტრონომში „შოკოლადიანი კარაქი“ იყიდებოდა 1 მანეთად და 80 კაპიკად (კილო), კომუნალური გადასახადები საერთოდ სიმბოლური იყო, ხელფასები კი ყოველ კვარტალში მატულობდა და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასები იკლებდა!?
სამაგიეროდ, მაშინ, სტალინი თავისი „რკინის ფარდით“ ცხვირს არ გაგაყოფინებდა კაპიტალიატურ სამყაროში და „პოლიტიკური ანეკდოტის გულისთვის“ ციმბირში ამოგაყოფინებდა თავს!
ამ დროს თურმე კაპიტალისტურ ქვეყნებში „დოლარები - ციდან ცვიოდა“! ამერიკაში ან ევროპაში ჩაფრენისთანავე „ჯიბეში გიტენიდნენ ბაქსებს“! ასე გვეგონა იმ დროს!
იქნებ ხრუშჩოვის დრო იყო „კარგი“? არააა! „სავალიუტო ოპერაციის გულისთვის“ ხალხს იჭერდნენ, როგორც სახელმწიფოს „ეკონომიკური ბალავარის“ ძირგამოთხრელებს და სისხლის სამართლის კოდექსის მაქსიმუმს უსჯიდნენ!
ერთი საცოდავი ახალგაზრდა დახვრიტა ნიკიტამ „ფარსოვშიკობის“ გულისთვის („ფარსა“ დოლარის გაყიდვას ნიშნავდა!)... საჩვენებელი დახვრეტა მოაწყო - მთელი ცეკა და პოლიტბიურო ტაშს უკრავდა... ორდენოსანი და მოწინავე მშრომელებიც, პარტიის ერთგული ინტელიგენციის ნაწილიც!
ახლა ნებისმიერ „ბუტკაში“ ჩაატარე „სავალიუტო ოპერაცია“, ვინ მამაძაღლი დაგიჭერს? დოლარი იყოს და საერთოდ არ გაყიდი კაცი! სად არის გასაყიდი დოლარი?
უფრო შორს წავიდეთ: ალბათ დავითის და თამარის ეპოქა ითვლება „კარგ დროდ? საქართველოს საზღვრები „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“ რომ გადაიჭიმა და მეზობელი სახელწიფოები, ადრე ვენახებს რომ გვიჩეხავდნენ და ტყვეებად მიგვრეკაებოდნენ, აქეთ გვიხდიდნენ ხარკს! არა ბატონებო, თურმე არც ის დრო ყოფილა კარგი! ვიდრე დავითი რკინისებურ დისციპლინას დაამყარებდა დაქუცმაცებულ ქვეყანაში, წარმოიდგინეთ რამდენ ურჩ „სეპარატისტ“ თავადს და მთავარს გააგდებინა თავი,რამდენი ქართველის სისხლი დაღვარა! გამოდის, რომ არასდროს ყოფილა კარგი დრო?
ყველაფერი შედაერბითია, კარგიც და ცუდიც! ის, რაც გერმანელისთვის ცხონებაა, ქართველისთვის კოშმარია და პირიქით, არ „ევასება“ გერმანელს „განსხვავებული სასმისი“! ავიღოთ ეს რეალური დრო და საქართველო: ვინ ცხოვრობს კარგად? მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი თუ შენი მეზობელი „ჯუმბერა“? შვიდი წელია სამუშაო ვერ იშოვა „ჯუმბერამ“ და გალოთდა! ცოლი უცხოეთში „გაექცა“ სამუშაოდ და იქიდან ინახავს სამ შვილთან ერთად! ჰკითხეთ „ჯუმბერას“, ბედნიერია? ან ბიძინა ივანიშვილს კითხეთ, ბედნიერად გრძნობს თავს? როგორც „ჯუმბერასგან“ ასევე „ბიძოსგან“ უარყოფით პასუხს მიიღებთ და „უბედურად ყოფნის“ მილიონ მიზეზს ჩამოგითვლიან!
„ჯუმბერა“ იმიტომ არის უბედური, ფული არ ყოფნის და მიუხედავად იმისა, ლოთია, სინდისის ქეჯნას განიცდის, ცოლი რომ ინახავს! ბატონი ბიძინა უუუამრავი, უთვალავი ფულის გამოა უბედური! რამდენი ქველმოქმედება ჩაიდინა, რამდენ ოჯახს ინახავდა წლობით! რად გინდა, ვინ დაუფასა? ამდენი ეკლესია მან რომ ააშენა, თვით დავით აღმაშენებელ-ბაგრატიონს არ აუშენებია!.. ისე ამ კაცსაც უნდა დავარქვათ „ბიძო აღმაშენებელი“... მხოლოდ ეგ არის, ბედნიერად არ გრძნობს თავს და ვინ იცის რამდენი მტერი გაიჩინა, მხოლოდ იმიტომ, რომ მდიდარია! პარადოქსია ხომ?! რატომ უნდა ჰყავდეს მტრები ქველმოქმედ, ბატონ ბიძინა ივანიშვილს? ან საერთოდ რატომ მოვიდა პოლიტიკაში? იქნებ ბედნიერების ძიებამ მოიყვანა? ყველაფერი შედარებითია!
ივანიშვილის პირველი მტერი უმუშევარი „ჯუმბერაა“! თვალით არ უნახავს მილიარდერი, მაგრამ მაინც აგინებს! არც ივანიშვილი იცნობს „ჯუმბერას“! ის კი არა და, წარმოდგენაც არ აქვს მის არსებობაზე!
დიახ, „ჯუმბერა“ ბიძოს დაუძინებელი მტერია!
რატომ? როგორ თუ რატომ?
„ჯუმბერას“ დოლარი და ლარი ენატრება „ბიძინას“ კი ვერ დაუთვლია ამდენი ფული და ამიტომაც არის ცუდი კაცი „ჯუმბერას“ გაგებით!
ფარდობითობის თეორია, აინშტაინმა რომ შექმნა, ისიც ვერ გაგცემთ პასუხს რა არის ბედნიერება! ჯერ ერთი იმიტომ რომ თვით აინშტაინია უბედური! კაცს, 21-ე საუკუნეში ფარდობითობის თეორია დაუნგრიეს და გაუცამტვერეს „ღვთიური ნაწილაკის აღმოჩენის შემდეგ“!
ვინ და, ფიზიკოსებმა, რომლებიც ჩანასახშიც კი არ იყვნენ, როცა ასპერგერი „ალბერტა“ ფარდობითობის თეორიას ქმნიდა!
სირიელი ლტოლვილისთვის უბედურება სამშობლოს და და ოჯახის წევრების დაკარგვაა და უმაღლეს ბედნიერებად ევროპაში მშვიდად ცხოვრება მიაჩნია! ქართველი პენსიონერისთვის უბედურება მცირე პენსია და უმწეობაა, მიუხედავად იმისა, სირიელი ლტოლვილივით თავზე ბომბები არ აცვივა და მადლობა უფალს, ყველა საყვარელი ადამიანი ცოცხალი და საღსალამათი ყავს!
გინდათ გითხრათ, რა არის ბედნიერება? ყველას თავისი საზომი და „არშინი“ აქვს! ჩემი ბედნიერება,ეს ჩემი ბედნიერებაა! მხოლოდ ჩემი, თქვენთვის გაუგებარი... ალბათ ვერც მე გავიგებ თქვენი ბედნიერების დედა არსს...
რუსმა პოეტმა, მარინა ცვეტაევამ თქვა: „დროებას არ ირჩევენ, მასში ცხოვრობენ და კვდებიან!“ ...აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, თუმცა რა არის ბედნიერება ვერც ნიჭიერმა „მარიშკამ“ განსაზღვრა! იქნებ შენ იცი, მკითხველო?