NDI-ს კვლევა ასახავს იმ მძიმე რეალობას და ვითარებას, რომელიც არის ქვეყანაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, 43%-სთვის ცხოვრების დონე გაუარესდა, რაც საგანგაშო მაჩვენებელია.
"ძალიან მნიშვნელოვანია სერიოზული კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას. სამწუხაროა, რომ მთავრობას არ აქვს გეგმა როგორ გამოიყვანოს ქვეყანა ამ კრიზისიდან. ამ დროს კი საჭიროა მაქსიმალურად კოორდინირებული და 24-საათიანი მუშაობა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილის მდგომარეობა შემსუბუქდეს, თუმცა მომავალი წლის ბიუჯეტის მიხედვით ჩვენ ამას ვერ ვიტყვით", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ 2014 წლის ივნისის შემდეგ ქალაქსა, თუ სოფელში საცხოვრებელი პირობები იგივე დარჩა.
გამოკითხულთა 9% აცხადებს, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, 2014 წლის ივნისის შემდეგ საცხოვრებელი პირობები მის ქალაქში/სოფელში გაუმჯობესდა, 47% - იგივე დარჩა, 43% - გაუარესდა.