ივერიონი / ვის ვენდოთ? ანუ - „მოაგროვე ხმები და დაიკიდე“!

ვის ვენდოთ? ანუ - „მოაგროვე ხმები და დაიკიდე“!

დამისახელეთ ხალხის ინტერესების დამცველი პარტია, თუნდაც ერთი! 

 

დავიწყოთ 1991 წლიდან: „მრგვალი მაგიდა, თავისუფალი საქართველო“? კი ბატონო! მას შემდეგ რაც ოფიციალურად გამოცხადდა დაშლილად საბჭოთა კავშირი და ზვიად გამსახურდია ავირჩიეთ პრეზიდენტად, მიუხედავად დიდი სურვილისა, ამ პარტიამ ვერ შეძლო „ივერიის გაბრწყინება“... მის პარალელურად სასწრაფოდ „შემოგვიგდეს გარედან „ომის პარტია“ შეიქმნა „ჩაუშესკოდიქტატორის“ საპირწონე ძალა და დასცხეს სამშობლოს პატრიოტებს, დაიწყო სამოქალაქო ომი! კაცის კვლა და შიმშილი მივიღეთ ივერიის გაბრწყინებისა და „კარაქიანი პურის“ მაგივრად! 

 

ჩამოყალიბდა პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომლებიც 1991 წლიდან მოყოლებული, ხან უმრავლესობაში არიან, ხან უმცირესობაში, ხანაც უკანალში, სოლიტერებივით!... მაგრამ ფენიქსივით ფერფლიდან აღორძინებულები ისევ უბრუნდებიან „პოლიტბიზნესს“ გამოაქვთ სული და სინდისი საერთაშორისო „პოლიტაუქციონზე“ და ვინც მეტს გადაუხდის იმათი ყურმოჭრილი მონები და ერთგული „მებრძოლი მამელუქები“  ხდებიან! 

 

მათი დევიზია: „მოაგროვე ხმები და დაიკიდე“! 

 

ნახალოვკაში, სადაც 18 წლამდე ვიზრდებოდი, იყო ასეთი ფრთიანი გამოთქმა: „პერეხადნოი ხიდთან“ ბირჟაზე, თუ ხალვათობა იგრძნობოდა და ვინმე იკითხავდა - „ხალხი სად არის, ტო?“ სასწრაფოდ და სხარტად ვინმე მიაშველებდა, გონებამახვილი ძველი ბიჭი - „ხალხი ციხეშია“!... 

 

ეგ „ცნებაც“მოძველდა! 

 

სააკაშვილმა „ხალხი“ გააქცია საქართველოდან და ეხლა არც „ციხეშია“, არც პარლამენტში და არც ოპოზიციაში - ხალხი ემიგრაციაშია! 

 

ჰოდა, იმას ვამბობდი,1991 წლიდან მოყოლებული დღემდე, რა მისცა „ერსა და ბერს“ პარტიებმა? 

 

რეალურად, საქართველოში უანგაროდ ხალხის ინტერესების დამცველი პარტია არ არის, არ იყო და... რა ვიცი, იქნებ მაშინ შეიქმნას ჩემი და შენი შვილიშვილები რომ დავაჟკაცდებიან და დაქალდებიან - ჯერჯერობით კი, ვინც თავის თავს პარტიებს უწოდებენ წურბელები და გაქნილი მედროვეები არიან! 

 

კრიმინალს, მოღალატეს და კოლაბორაციონისტს ეროვნება არ გააჩნია და ერთმენეთის გვერდით ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს, ვიდრე მათი ინტერესებისა და გავლენის სფეროები არ გადაიკვეთება ერთ წერტილსა და გზაჯვარედინზე! 

 

ჰო მართლა, მგონი 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებია გათვალისწინებული, თუ მანამ... ფუი ეშმაკს, კინაღამ „რაღაც“ წამომცდა! 

 

2012 წლის სექტემბერ - ოქტომბერში, გვარს არ დავასახელებ და  მერე იუსტიციის მინისტრი რომ გახდა, დეპუტატობის კანდიდატი რომ იყო, ყოველ დღე, ზოგჯერ დღეში სამჯერ მირეკავდა, თქვენი ავტორიტეტი და ხალხის სიყვარული წამომაშველეთო! 

 

გადავყევი, წამოვაშველე!... გადეპუტატების და მოგვიანებით გამინისტრების შემდეგ, რომ დავურეკე, მობილური გამითიშა...  

 

ამბობენ, პოლიტიკა ბინძური საქმეაო! იცით, რატომ არის ბინძური, პოლიტიკოსთა ძირითადი ბირთვი, ბინძური? ყველაფრის მკადრებელი ადამიანებისგან შედგება და ასე იქნება მანამ, ვიდრე პოლიტიკაში, სუფთა, ალალი, უანგარო, განათლებული ადამიანები არ მოვლენ!  

 

თამაზ ჭეიშვილი

 

13-10-2015, 11:05
უკან დაბრუნება