საღამო მშვიდობისა ჩემო პატარებო!... და დიდებოც!...
ვითომ თქვენც პატარები ხართ! რა მოხდა მერე?
იყო და არა იყო რაა, იყო ეერთი პააატარა, მაგრამ დიდი გულისა და ამბიციების მქონე გულუბრყვილო ქვეყანა, რომელიც მინერალური წყლებით და ტურიზმით აპირებდა აყვავებას... მაშინ, ძალიან პატარა იყო და წარმოდგენა არ ჰქონდა, რა იყო „დე ფაქტო“... „დეეე იურე“... „ზესახელმწიფოთა იმპერიული აააამბიციები“... თამაშობდა და თამაშობდა, ხან „ომობანას“... „დააააჭერობანას“... „არჩევნობანას“ კიდევ, „დემოკრატობანას“!
გავიდა დრო! ქვეყანას ასაკი მოემატა, მაგრამ საოცარი რამ მოხდა: კი არ გაიზარდა, დაპატარავდა, ჩემო პატარებო! მაშ, დაპატარავდა! დრო გადიოდა, ის კი პატარავდებოდა და დაპატარავდა!... პატარავდებოდა და...
ბიძიები და დეიდები, ვინც „ექსპერტობანას“ თამაშობდნენ, ასე ამბობდნენ - ჰორმონალური დარღვევები აქვს და იმიტომ პატარავდებაო! ხოლო ზღაპრების ეხლაც იმიტომ ჯერა, რომ გენმოდიფიცირებული საკვებით და ილუზიებით იკვებება და იოდის ნაკლებობას განიცდისო თურმე, საცოდავი!...
ახლაც, სულ ატყუებენ და ატყუებენ! მასაც სულ ჯეერა და ჯეეერა... ვინ ატყუებს და... რა ვიცი, „ნატო“ დეიდა, ევროპა დეიდაც, ვოვა ბიიიძია... მოკლედ, ყველა ატყუებს... სეროჟა და მამედა ბიძიებიც კი!
ამასაც ყველაფერი ჯერა და ჯერა... არარეალური „ოცნებების“ ტყვეობაშია!!... უფროსი ბიძიები პირდებიან - თუუუ წესიერად მოიქცევი და დემოკრატიას ისწავლი, დისნეი ლენდში მიგიღებთ კონტროლიორადო!...
ახლა კი ძილი ნებისა ჩემო პატარებო... დიდებოც!
ევრო იქა, ლარი აქა... „ნატო“ იქა, „პრადო“ აქა...
თამაზ ჭეიშვილი