ივერიონი / პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლის თამაზ ურთმელიძის დედის - მდინარა გიორგობიანის მიმართ მიმდინარე გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და არა მკვლელობის მცდელობას, რასაც ტელეკომპანია ავრცელებს.  პროკურატურის ინფორმაციით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ტელეეთერით გუშინ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი, რომლის გავრცელებითაც ინიციატორი მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციას.

 

"2015 წლის 12 ოქტომბერს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერით მოსამართლე თამაზ ურთმელიძეზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ ტელეეთერით გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი, რომლის გავრცელებითაც ინიციატორი მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციას. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე იხილავს სამოქალაქო სამართლებრივ დავას ქიბარ ხალვაშსა და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებს შორის, რომელთანაც პროკურატურას არავითარი კავშირი არ აქვს და არც შეიძლება რომ ჰქონდეს. ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ფაქტების დამახინჯებისა და ვარაუდების საჭიროებისამებრ ინტერპრეტირების გზით, ადგილი აქვს მცდელობას, რომ საზოგადოებას აჩვენონ, თითქოსდა პროკურატურა ჩართულია ამ პროცესში,  მაშინ როდესაც ხსენებული ინფორმაციის გაშვებამდე ტელეკომპანიას არც კი უკითხავს საქართველოს პროკურატურისთვის ან გამოძიების მწარმოებელი ორგანოსთვის ინფორმაცია მოსამართლის დედის მდინარა გიორგობიანის მიმართ არსებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და არ დაინტერესებულა საქმეში არსებული გარემოებებით, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ სახეზეა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

 

აქვე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მდინარა გიორგობიანის მიმართ არსებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ გვსურს განვმარტოთ, რომ 2014 წლის 7 იანვარს საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება ვალერიან სილაქაძის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 118-ე მუხლის 1 ნაწილით.

 

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 7 იანვარს, ქ. თბილისში, თემქის 3 მ/რ, მე-2 კვ, კორპუსი 26, ბინა 27-ში, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მდინარა გიორგობიანმა სიძეს - ვალერიან სილაქაძეს ნაჯახის დარტყმით მარცხენა ხელზე ჭრილობა მიაყენა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ჭრილობა წარმოადგენს ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებას. შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების და მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზით, კერძოდ, დაზარალებულის და ბრალდებულის ჩვენებებით, რომლებიც მარტო იყვნენ მომხდარი ინციდენტის დროს და წარმოადგენენ დაპირისპირებულ მხარეებს, ასევე ექსპერტიზის დასკვნების ანალიზით, მდინარა გიორგობიანის ქმედების დაკვალიფიცირება მოხდა 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და არა მკვლელობის მცდელობით, რომლის დახატვასაც ცდილობს "რუსთავი 2".

 

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კონფლიქტი მოხდა ოჯახში, დიასახლისის გარდაცვალების შემდეგ სიძე-სიდედრს შორის. კონფლიქტი პირდაპირ კავშირში იყო 12 წლის მცირეწლოვანი შვილიშვილის ინტერესებთან და პასუხისგებაში მისაცემი პირი იყო ამავე ოჯახის ღრმად მოხუცებული წევრი - ბებია, რომელსაც გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარემ დაპირისპირებულ ოჯახის წევრებს შეგნებულად მისცა შესაძლებლობა და დრო, რომ პრობლემა შერიგების გზით მოეგვარებინათ, რა შემთხვევაშიც პროკურორის მიერ მიღებული იქნებოდა ადეკვატური გადაწყვეტილება ანალოგიურ საქმეებზე სისხლის სამართლის პოლიტიკით დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით,  რის შედეგადაც შესაძლებელი გახდებოდა, დარეგულირებულიყო ურთიერთობა დაპირისპირებულ ოჯახის წევრებს შორის და მცირეწლოვანი  შვილიშვილსთვის აგვერიდებინა დამატებითი ფსიქოლოგიური ტრამვა ბებიის პასუხისგებაში მიცემის გამო, რომელიც ობიექტური რეალობის შეფასებით, არ წარმოადგენდა გარშემომყოფთათვის საფრთხეს.

 

მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარე დარწმუნდა, რომ დაპირისპირებული ოჯახის წევრები შერიგებას არ აპირებდნენ,  2015 წლის 24 სექტემბერს ვალერიან სილაქაძე ცნობილი იქნა დაზარალებულად, ხოლო 12 ოქტომბერს მდინარა გიორგობიანი მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში სსკ-ის 111-ე, 118-ე მუხლის 1 ნაწილით. აქვე ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ვინაიდან გამოძიება ფაქტობრივად დასრულებულია, საქმე უახლოეს დღეებში წარიმართება სასამართლოში არსებითად განსახილველად. აღნიშნული ფაქტი, რომ უახლოეს დღეებში ხსენებული სისხლის სამართლის საქმე გადავა სასამართლოს წარმოებაში, კიდევ  ერთხელ ადასტურებს "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის აბსურდულობას.

 

აქვე გვინდა დამატებით განვმარტოთ, რომ ვინაიდან მდინარა გიორგობიანი ბრალდებულია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი, სანქციის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით,  პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბრალდებულის მიმართ არ იქნეს გამოყენებული არც ერთი სახის აღკვეთის ღონისძიება, რადგან  არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების კანონით გათვალისწინებული საფუძველი - კერძოდ, მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები.  გადაწყვეტილების მიღებისას პროკურატურამ  ასევე გაითვალისწინა ბრალდებულის ასაკი, იგი 75 წლისაა,  ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის ფაქტი, რომ ბრალდებული არ არის წარსულში ნასამართლევი.

   

თვალსაჩინოებისთვის გვსურს წარმოგიდგინოთ სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, თუ ბრალდებული არ არის წარსულში ნასამართლევი, სისხლის სამართლის პოლიტიკით დადგენილი პრაქტიკის ფარგლებში პროკურატურის 2014-2015 წლების სტატისტიკა, რომლის განზოგადების შედეგად იკვეთება რომ 118-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდების შემთხვევაში აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ფაქტობრივად არ გამოიყენება პრაქტიკაში, მსგავსი პრაქტიკა ასევე დამკვიდრებულია სასამართლოს მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის დადასტურების შემთხვევაში სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

13-10-2015, 18:41
უკან დაბრუნება