საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტების გაკეთება გახდა საჭირო, რადგან ზოგიერთი პოლიტიკოსისგან მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.
"ჩვენ პოლიტიკურ დებატებში არ შევდივართ, მაგრამ ინფორმაციას ვაწვდით - ამ ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადება არ მოხდა, არამედ მოხდა დროებით შეჩერება, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ასევე საუბარი იყო ავკარგიანობაზე, ახალი სააგენტო ჯობია თუ ეროვნული ბანკი, ამაზე სასამართლო არ მსჯელობს და არც იმსჯელებს. მსჯელობა იქნება იმაზე, ვის კომპეტენციას მიეკუთვნება ამგვარი საკითხების დარეგულირება. შევახსენებ ზოგიერთ პოლიტიკოსს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არის პატივცემული ორგანიზაცია როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. მინდა, ზოგიერთ მათგანს შევახსენო, რომ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის, პარტიის წარმომადგენლები, ასევე სახალხო დამცველი ხშირად მიმართავდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს და საქმეებს იგებდნენ. გულმავიწყობაა, თითქოს ახლა გამოცოცხლდა საკონსტიტუციო სასამართლო.
რაც შეეხება იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო, პოლიტიკოსები თავიანთ საუბრებში თავისუფლები არიან. დებატებში არ შევალ, მაგრამ იმას აღვნიშნავ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ისინიც მოდიოდნენ ხშირად, საქმეებსაც იგებდნენ, მაშინ არ იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული და ახლა გახდა? გადაწყვეტილება იქნა 5/4-ზე მიღებული და 4/5-ზე რომ ყოფილიყო, არ იქნებოდა სამართლიანი? მინდა აღვნიშნო, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული", - განაცხადა პაპუაშვილმა.