სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის ინფორმაციით, 2008 წლის კონფლიქტის დროს სამხრეთ ოსეთის ძალებმა ჩაიდინეს ომის დანაშაული და ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე ჩანს, რომ რუსული შეიარაღებული ძალების წევრები არ არიან მთავარი პასუხისმგებელი პირები ამ დანაშაულში.
ამის შესახებ ნათქვამია ჰააგის პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების თაობაზე შუამდგომლობის მოკლე შინაარსში, რომლის ქართულ თარგმანსაც თავად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) აქვეყნებს.
პროკურატურის განცხადებით, არსებული ინფორმაცია იძლევა გონივრულ საფუძველს ვირწმუნოთ, რომ საქართველოში 2008 წლის 7 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში ადგილი ჰქონდა შემდეგ ქმედებებს: განზრახ მკვლელობა, მოწინააღმდეგის და მტრის ქონების განადგურება და მოროდიორობა, სამშვიდობო მისიის პერსონალზე და ობიექტებზე თავდასხმა, როგორც ომის დანაშაულები; მკვლელობა, დეპორტაცია ან მოსახლეობის იძულებით გადაადგილება და ეთნიკური ნიშნით იდენტიფიცირებადი ჯგუფების ან კოლექტივის დევნა, როგორც დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ. თუმცა პროკურატურა ასევე აღნიშნავს, რომ გამოძიების მსვლელობის პროცესში, შესაძლოა, გამოიკვეთოს სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი სხვა დანაშაულებიც და სასამართლო პალატამ გამოძიების დაწყების სანქცია უნდა გასცეს მთლიანად სიტუაციასთან მიმართებით და არ უნდა შემოიფარგლოს ცალკეული დანაშაულებრივი ეპიზოდებით.
დოკუმენტში საუბარია ომის დანაშაულებზე, რომელიც ჩადენილია ეთნიკური ქართველების იძულებითი გადაადგილების კონტექსტში.
"პროკურატურისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით 51 დან 113-მდე ეთნიკური ქართველი დაიღუპა სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ განხორციელებული იძულებითი გადაადგილების დროს. სავარაუდოდ 13 400-დან 18 500 ეთნიკური ქართველი იძულებით იქნა გადაადგილებული სამხრეთ ოსეთიდან, ამასთან ერთად სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ და საქართველოს სხვა ტერიტორიებს შორის შეიქმნა გამყოფი, 20 კილომეტრიანი "ბუფერული ზონა", და აგრეთვე განადგურებულ იქნა 5 000-ზე მეტი ეთნიკური ქართველის კუთვნილი საცხოვრებელი. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურატურა მიიჩნევს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი, რომ 2008 წლის 7 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე, სამხრეთ ოსეთის ძალებმა შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩაიდინეს სულ მცირე შემდეგი ომის დანაშაულები: განზრახ მკვლელობა, მოწინააღმდეგის/მტრის საკუთრების განადგურება და მოროდიორობა. არსებობს წინააღმდეგობრივი ინფორმაცია რუსული შეიარაღებული ძალების მონაწილეობის თაობაზე; სანდო ინფორმაციის წყაროები მიუთითებს, რომ რუსული შეიარაღებული ძალების სულ მცირე რამდენიმე წევრი მონაწილეობდა ამ დანაშაულების ჩადენაში, სხვა შემთხვევებში პასიური პოზიცია ეკავათ და ზოგჯერ კი ერთვებოდნენ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე ჩანს, რომ რუსული შეიარაღებული ძალების წევრები არ არიან მთავარი პასუხისმგებელი პირები ამ დანაშაულებში", - ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება სამშვიდობოებზე სავარაუდო თავდასხმას, პროკურატურა აცხადებს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ვირწმუნოთ, რომ სამხრეთ ოსეთის ძალებმა და ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს ომის დანაშაული - თავს დაესხნენ სამშვიდობო მისიის წარმომადგენლებს ან ობიექტებს. სახელდობრ, 2008 წლის 7 აგვისტოს ავნევის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ქართული სამშვიდობო კონტინგენტი მძიმედ დაიცხრილა სამხრეთ ოსეთის პოზიციებიდან, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაიჭრა და ამას მოჰყვა ქართული კონტინგენტის მიერ გაერთიანებული სამშვიდობო ძალების შტაბის (JPKF HQ) დატოვება. 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩაატარეს სამხედრო ოპერაცია გაერთიანებული სამშვიდობო ძალების შტაბის JPKF HQ და რუსული სამშვიდობო ძალების ბატალიონის (RUPKFB) ბაზის წინააღმდეგ იმ მოსაზრებით, რომ ამ უკანასკნელმა დაკარგა ხელშეუხებლობის სტატუსი. რუსული ხელისუფლების ინფორმაციით, ამ თავდასხმის შედეგად რუსული სამშვიდობო კონტინგენტის 10 სამშვიდობო დაიღუპა და 30 დაიჭრა.
პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ ხელმისაწვდომი ინფორმაცია იძლევა გონივრულ საფუძველს ვარაუდისა, რომ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს საქართველოში ადგილი ჰქონდა ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსაც. სახელდობრ, არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისა, რომ სამხრეთ ოსეთის ძალებმა ჩაიდინეს დანაშაულები ადამიანურობის წინააღმდეგ - მკვლელობა, დეპორტაცია ან მოსახლეობის იძულებით გადაადგილება, გარკვეული ადამიანთა ჯგუფის ან კოლექტივის ეთნიკური ნიშნით დევნა.
"ეთნიკური ქართველი სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული არაერთგზისი ქმედება სამხრეთ ოსეთში ან "ბუფერული ზონის" მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოადგენდა სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების დანაშაულებრივ გეგმას, განედევნა ეთნიკური ქართველები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან, რაც მათ დაეხმარებოდა საბოლოო მიზნის მიღწევაში, კერძოდ, საქართველოსთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტასა და სრული დამოუკიდებლობის მიღწევაში", - ნათქვამია შუამდგომლობაში.
განაცხადში აგრეთვე საუბარია კონფლიქტში მონაწილე მხარეების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ სხვა დანაშაულებზე. კერძოდ, ნათქვამია, რომ "როგორც ქართულმა ასევე რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა სავარაუდოდ დაიწყეს განურჩეველი და არაპროპორციული თავდასხმის განხორციელება სამოქალაქო ობიექტებზე". პროკურორის ოფისმა აგრეთვე შეაგროვა მცირე რაოდენობის ფაქტები სქესობრივ და გენდერულ საფუძველზე ჩადენილ ძალადობაზე, გაუპატიურების ჩათვლით, თუმცა სავარაუდო დამნაშავეებზე საკმარისი ინფორმაციის გარეშე.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, რომის სტატუტის მე-15 (3) მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა წინასასამართლო პალატას შუამდგომლობით მიმართა, 2008 წლის 1-ლი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში საქართველოში არსებული ვითარების გამოძიების დაწყების თაობაზე.