ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გიორგი გაბაშვილის თქმით, 2007 წელს სამოქალაქო დაპირისპირების სპირალში შესვლისა და ტელეკომპანია "იმედში" შეჭრისთვის პარტიამ პოლიტიკური ფასი უკვე გადაიხადა. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ახლანდელი ხელისუფლება არა "აბაროტის" აღებას, არამედ წინსვლას უნდა ცდილობდეს.
"ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი შეცდომები. ძალიან დიდი სისულელე იყო, მიუხედავად იმისა, რომ განზრახვა ამისა არ ყოფილა, მაგრამ შესვლა ამ სამოქალაქო დაპირისპირების სპირალში, როცა ჩვენ იძულებულები ვიყავით, საგანგებო მდგომარეობა გამოგვეცხადებინა და მართლაც "სპეცნაზით" შევსულიყავით ოლიგარქის ტელევიზიაში, ტელევიზიაში, რომელზეც ბადრი პატარკაციშვილი ღიად ამბობდა, პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოვიყენებო, მაგრამ ეს ჩვენი შეცდომა იყო და ვერავის ამ შეცდომას ვერ დავაბრალებთ და ვერ დავაბრალებდით.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვინმეს ძალიან გვიხაროდა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, ეს ასე არ იყო, მაგრამ ძალიან მძაფრი იყო საზოგადოების რეაქცია, საერთაშორისო საზოგადოების რეაქციაც, ადამ მიხნიკის კომისიაც კარგად მახსოვს, ეუთო-ს მომხსენებლების დასკვნებიც კარგად მახსოვს და ელჩების წინასწარი შეფასებებიც, რომ დამოუკიდებელ ტელეკომპანიაში შესვლა, ყველაზე კრიტიკულ ტელევიზიაში შესვლა წითელი ხაზია და სხვაგვარად პოლიტიკური კონფლიქტი არ გადაწყდებოდა, თუ არა, რიგგარეშე არჩევნებით.
თქვენ რა, გგონიათ ამას შენიღბავთ და ქიბარ ხალვაშის სამართლიანობის აღდგენად გაყიდით? მართლა გგონიათ, რომ ხალხია სულელი, ან საზოგადოებაა სულელი, პოლიტიკური პარტიები არიან სულელები, მართლა ხომ არ გგონიათ 20/30-ით უყურებს ეს სამყარო მოვლენებს, მართლა ხომ არ გგონიათ, რომ ივანიშვილის ტელევიზიაში აღიქვამენ რა ხდება და როგორ ხდება, თქვენ რა, გგონიათ, რომ მეზობლები მეზობლებს არ ელაპარაკებიან, ყველამ ყველაფერი არ იცის, ქიბარ ხალვაშის მოტივაციები არ ვიცით, რას აანონსებდა ივანიშვილი არ ვიცით? სასამართლოს წინასწარ უყვებოდა, რა და როგორ იქნებოდა, აანონსებდა პრესკონფერენციებზე, თქვენ გგონიათ, ეს არ ვიცით?"- განაცხადა გაბაშვილმა გუშინდელ პლენარულ სხდომაზე.
მისივე თქმით, მაშინდელი ხელისუფლების რეიტინგის ვარდნა სწორედ მათი შეცდომებით იყო განპირობებული და ეს იყო მიზეზი, რომ მეორედ ეს შეცდომა აღარ გაიმეორეს, მიუხედავად იმისა, რომ უფრო დიდ ოლიგარქს ებრძოდნენ.
"ჩემგან რას ელოდებით გითხრათ, რომ 2007 წელს რაც მოხდა, მომეწონა-თქო? არ არის ასე. პოლიტიკური ფასი გადავიხადეთ ამაში, საოცარი რეიტინგის ვარდნა და ძალიან დიდი პრობლემები გვქონდა ამის გამო, წლები გაგრძელდება ეს ამბავი და მეორედ ეს შეცდომა კი არ გავიმეორეთ, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ძლიერი ოლიგარქი გვებრძოდა, ქვეყანა უკან კი არ დავხიეთ, "მასთ ქერის" და "მასთ ოფერის" კანონები მივიღეთ და წინ წავედით. უკან კი არ წავედით, წინ წავედით, და თქვენი ამოცანაა წინ წასვლა და არა "აბაროტის" აღება ნიკა გვარამიაზე", - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.