„ქართული პლატფორმის“ მიმართვა ხელისუფლებისადმი
საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი შეშფოთებულია ამ ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო.მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა წამებისა და გაუპატიურების ამსახველმა კადრებმა ნეგატიური ემოციური ფონი კიდევ უფრო დაამძიმა, არავის აქვს უფლება, სახელმწიფოს ფუნქცია იკისროს და არაცივილიზებული მეთოდებით ეცადოს სამართლიანობის აღდგენის ილუზიის შექმნას ქვეყანაში.
„ქართულ პლატფორმას“ მიაჩნია, რომ ასეთი მიდგომა არათუ ანეიტრალებს საზოგადოების დამოკიდებულებას „ნაციონალური“ რეჟიმის დანაშაულებრივი მოქმედებების მიმართ, არამედ, პირიქით, ჩიხში შეჰყავს სიტუაცია და ხელს უწყობს ერის დაპირისპირებულ ჯგუფებად გახლეჩა-დაქუცმაცებას.
ვფიქრობთ, პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა უნდა შეძლონ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. არა აქვს მნიშვნელობა, ეს პარტიის ე.წ. აქტივისტების ინიციატივაა, თუ ზოგადად პარტიის სტრატეგია!
ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია, როცა „სამართლიანობის“ დამკვიდრების მოტივით უვარდებიან ოფისებში, ამტვრევენ ან აჭედებენ კარებს, აზიანებენ სხვის საკუთრებას. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ხელოვნური უწესრიგობიდან ლინჩის წესით გასამართლების მოთხოვნილებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია, რაც ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგებით შეიძლება დამთავრდეს.
საჯაროდ ვაცხადებთ: რაც არ უნდა ნეგატიური იყოს საზოგადოებრივი ფონი, რაც არ უნდა ომახიანი იყოს მოწოდება საზოგადოების გარკვეული ფენების მხრიდან, რომ, რადგან ხელისუფლება ვერ ახერხებს სამართლიანობის აღდგენას და დამკვიდრებას ქვეყანაში, თვითონ ხალხი გამოიტანს განაჩენს, ასეთი მოწოდება და მითუმეტეს, მცდელობა, ძირშივე უნდა იქნას აღკვეთილი და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს ხელოვნურად აგორებული პროვოკაციების სამართლებრივ ჩარჩოში მოსაქცევად!
კიდევ ვიმეორებთ: ქართველი ერის პარტიული კუთვნილებით დახარისხება და საზოგადოების დაპირისპირებულ ჯგუფებად დაყოფა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი სისხლის სამართლებრივი დანაშაული უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეებიც უნდა დაისაჯონ, მაგრამ ეს ფუნქცია ეკუთვნის სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში მოქმედ ხელისუფლებას, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებაზე - სახელმწიფო არ უნდა გავიდეს სამართლებრივი სივრციდან!
ნიშანდობლივია ისიც, რომ საქართველო დაზღვეული იქნებოდა ასეთი ხელოვნურად აგორებული პროვოკაციებისგან, ხელისუფლება საკუთარ მოვალეობას სათანადოდ რომ ასრულებდეს _ სახელმწიფოსთვის რა მნიშვნელობა აქვს წინა რეჟიმის პირობებში ჩადენილი დანაშაულობებისთვის „სამართლებრივი ვერდიქტის“ გამოტანას ისევ დანაშაულებრივი გზით თუ დავაპირებთ?!
აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ დროულად უნდა მოახდინოს სათანადო სამართლებრივი რეაგირება ემოციურ ტალღაზე აგორებულ პროვოკაციაზე და აუცილებლობის შემთხვევაში დასაჯოს ყველა ის პროვოკატორი (თუნდაც საკუთარი გუნდის წევრი იყოს იგი), ვინც ნებსით თუ უნებლიედ ცდილობს ჩაითრიოს ქვეყანა ანარქიის ჭაობში, საიდანაც გამოსვლა ძალიან გაგვიჭირდება!..
და ბოლოს: სამწუხაროდ, „შუა გაკრეფის“ მცდარმა და არასახელმწიფოებრივმა პოლიტიკამ, რომელიც „ნაციონალური“ რეჟიმის გადაგდების მოტივით მაშინ მეტ-ნაკლებად მისაღები აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, უკვე გამოაჩინა საშიში ბრჭყალები და თუ დროზე არ მოვახერხეთ მისი ნეიტრალიზება, სიტუაციის ესკალაციამ შეიძლება დამანგრეველ შედეგებამდე მიგვიყვანოს!
„ქართული პლატფორმა“