ივერიონი / ნიკოლოზ მჟავანაძე ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას სთხოვს

ნიკოლოზ მჟავანაძე ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას სთხოვს

დღეს ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანებამ“ „პრაიმ ტაიმის“  პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა, თემაზე: ძალადობით გაფორმებული საპროცესო შეთახმებები. ორგანიზაციის თავმჯდომარის, ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, „უფლებადამცველთა გაერთიანებამ“  საპარლამენტო არჩევნების წინ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს სთხოვა, პოზიცია დაეფიქსირებინათ ძალადობით გაფორმებული საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით. ამ სუბიექტებს  საკითხთან დაკავშირებით ტექსტი წარედგინათ, რის შედეგადაც მათთან კონსულტაციებიც გამართა. არჩევნებში მონაწილე რვა სუბიექტმა 2004 წლიდან დღემდე ძალადობით გაფორმებული საპროცესო შეთანხმებების გადახედვას მხარი დაუჭირა, მათ შორის იყო „ქართული ოცნება“.


„ჩვენ ხელთ გვაქვს ნოდარ ხადურის მიერ გამოგზავნილი წერილი, სადაც მხარს უჭერს ჩვენს წინადადებას. ჩვენ არჩევნების შემდეგაც შევეხმიანეთ კოალიციას, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია. ისინი საუბრობენ ამნისტიაზე, სასჯელთა შეკრებითობის გაუქმებაზე, მაგრამ ძალადობით გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებების გადახედვისთვის ნაბიჯიც არ იდგმება. არადა, დღეს ათასობით უკანონოდ გასამართლებული ადამიანი ხელისუფლებისგან სწორედ ამ ნაბიჯს ელოდება“, - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.


უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე მოუწოდებს კოალიციას, შეასრულოს წინასაარჩევნოდ  აღებული ვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საზოგადოებაში საკმაოდ დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევს.

20-11-2012, 15:15
უკან დაბრუნება