"რუსთავი2"-ის ადვოკატის თამთა მურადაშვილის განცხადებით, მოპასუხე მხარე "რუსთავი2"-ის საქმის განხილვის გადადების მოთხოვნას დღევანდელ სასამართლო პროცეზე დააყენებს.
"ნიკა გვარამიას პროკურატურაში დაბარება პირდაპირ დაკავშირებულია დღევანდელ დღესთან. იყო ინფორმაცია, რომ მოსამართლე დღეს გამოიტანს გადაწყვეტილებას და დღესვე გასცემს სააღსრულებო ფურცელს. სწორედ ამასთან დაკავშირებით იყო ნიკა გვარამიას მისამართით მუქარა, რომ უკან დაეხია. ეს იქნება საფუძველი ჩვენი მხრიდან, რომ გადადების შუამდგომლობა დავაყენოთ.
მოსამართლე ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა მტკიცებულებების წარდგენის თაობაზე, რაც ხაზს უსვამს, რომ მან დაარღვია საპროცესო უფლებები. გამოვლინდა ახალი გარემოებები, სავარაუდოდ, ის უკანონო გარიგებაშია "თელასის" იურიდიული სამსახურის უფროსთან, ასევე ის იხილავს კომერციული ბანკების დავებს, რომელთანაც აქვს საფინანსო ურთიერთობები. ეს ფაქტები მოწმობს იმას, რომ მოსამართლის, როგორც მართლმსაჯულების წარმომადგენლის, სანდოობა არის ძალიან დაბალი.
არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, არის ინფორმაცია და საფუძველი იმის, რომ დღესვე დამთავრდეს პროცესი", - განაცხადა მურადაშვილმა.