ივერიონი / ნინო გვენეტაძე: "რუსთავი 2" სასამართლო პროცესი ღია და გამჭვირვალეა

ნინო გვენეტაძე: "რუსთავი 2" სასამართლო პროცესი ღია და გამჭვირვალეა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესს ღიას და გამჭვირვალეს უწოდებს. 

 

როგორც ნინო გვენეტაძემ განაცხადა, "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესი საზოგადოების დიდი ინტერესს იწვევს. 

 

"სასამართლო პროცესის მიმდინარეობაზე შემიძლია ვთქვა, რომ პროცესი იყო ღია და გამჭვირვალე. ის საზოგადოების მაღალი ინტერესის სფეროში მოექცა და ბუნებრივია არსებობდა არასასურველი პრეცედენტებიც; ეს არის პროცესის მონაწილეთა მხრიდან ზედმეტი აქტიურობა ხშირ შემთხვევაში, თუმცა მათ ამის უფლება გააჩნიათ, რაც პროცესის ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს უშლიდა. მოსამართლე მართავს პროცესს და მას აქვს უფლება დასაბუთებული გადაწყვეტილება პროცესის ნორმალურად ფუნქციონირებასთან დაკავშირებით მიიღოს", - განაცხადა გვენეტაძემ. 

 

მისი თქმით, ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურამ "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს მიმართა და ყველაფერი პროკურატურისა და გამოძიების პროცედურებით იქნება გადაწყვეტილი.

 

"მე არანაირი კომპეტენცია არ მაქვს ამ საკითხებში ჩარევის, ამდენად გამოძიების სრული პრეროგატივაა გაარკვიოს ყველაფერი და თუ ის საჭიროდ ჩათვლის აცნობოს საზოგადოებას ამის შესახებ", - განაცხადა გვენეტაძემ. 

22-10-2015, 13:27
უკან დაბრუნება