საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარს სოციალურ ქსელში აკეთებს:
"ეს გადაცდა ყველა ზომიერების ნორმას... ვითომდა პრევენციას უკეთებს და "ნაცების" პროვოკაციებს ეხმაურება, ლეგიტიმაციას აძლევს!!! მთავრობას რომ ბევრი ნაკლი აქვს, ფაქტია, მაგრამ ეს იმის საფუძველი ვერ იქნება, რომ "ნაცების" სტრატეგიას მხარი აუბა! პირადმა ამბიციამ და ქიშპობამ როგორ უნდა დაგაბრმავოს იმ დონეზე, რომ "ნაცების" ატეხილი სამოქალაქო დაპირისპირების სცენარი პრეზიდენტის ინსტიტუტიდან გააჟღერო და ლეგიტიმაცია მისცე???" - წერს ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:
"ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა მოახდინა პოლიტიკური კლიმატის ესკალაცია, შეიქმნა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობა.
ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალაქის მოვალეობაა, პირველ რიგში კი -საქართველოს ხელისუფლების.
მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკოს ემოციები - გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას!
მოვუწოდებ მოსამართლეს - არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას.
აქედან გამომდინარე, ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ ძალებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, არასამთავრობო სექტორთან, რათა ერთად შევინარჩუნოთ სამოქალაქო მშვიდობა", -აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.