ივერიონი / ხელისუფლება ოქრუაშვილს სააკაშვილის წინააღმდეგ გამოიყენებს?!

ხელისუფლება ოქრუაშვილს სააკაშვილის წინააღმდეგ გამოიყენებს?!

"ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნება მისი პირადი გადაწყვეტილებაა", -განაცხადა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.


დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნება განპირობებულია საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით _ მოხდეს პოლიტპატიმრის სტატუსის განსაზღვრა.


"წინასწარ იმის თქმა შეუძლებელია, მოხვდებოდა თუ არა ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმრების სიაში. გარდა ამისა, გაურკვეველია, თუ რა სამართლებრივი ქმედება განხორციელდება პოლიტპატიმრების მიმართ. ოქრუაშვილი საქართველოში საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ჩამოვიდა", _ განმარტა ზვიად კორძაძემ.


კორძაძის განმარტებით, ირაკლი ოქრუაშვილს საფრანგეთში ჰქონდა პოლიტპატიმრის სტატუსი. მას შეეძლო საქართველოში გარკვეული პერიოდის შემდეგ დაბრუნებულიყო, როცა ქვეყანაში მდგომარეობა დასტაბილურდებოდა.  პოლიტიკური თავშესაფარი და პოლიტპატიმრის სტატუსი საქართველოს კანონმდებლობით სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას არ გულისხმობს.


შესაბამისად, მას არ უნდა ჰქონოდა საქართველოში დაბრუნების შემდეგ გათავისუფლების იმედი. ირაკლი ოქრუაშვილის მოულოდნელ დაბრუნებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა მოსაზრებები გავრცელდა.


ირაკლი ოქრუაშვილმა აეროპორტში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მისთვის ბოლო წლებში მთავარი იყო მიხეილ სააკაშვილის მოშორება და ქვეყანაში დაბრუნება. ეს განცხადებას ამყარებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად ჩამოვიდა. მართალია, ამ ინფორმაციას მისი ადვოკატები არ ადასტურებენ, მაგრამ საზოგადოებაში ამაზე არც თუ ისე უსაფუძვლო ეჭვი არსებობს.

20-11-2012, 16:27
უკან დაბრუნება