ყოველგვარი მიკიბვ მოკიბვის გარეშე!
დაგვღალა შევარდნაძის დემაგოგიამ და მისმა კრიმინალებმა - მოვიყვანეთ ახალი ძალა, ვენდეთ „ნაციონალურ მოძრაობას“, ჩავაბარეთ ჩვენი და ჩვენი შვილების ბედი... გვიღალატეს, სისხლის გუბეები დააყენეს!
უფალს ვთხოვდით, მუხლმოდრეკილი - ღმერთო, გადმოგვხედე, შეისმინე ჩვენი ვედრება, მოგვივლინე მხსნელი, უშველე ჩვენ გაუსაძლის ყოფას! უფალმა მხსნელად ბიძინა ივანიშვილი „მყისიერად მიმჯირყვნელი“ მოგვივლინა!
დაგვპირდა ივანიშვილი „კაპიტალისტურ კომუნიზმს“ და იმის მაგივრად, ძლიერი გუნდი შეეკრიბა, ადგა და სადაც ურეიტინგო და უტვინო პოლიტიკოსი იყო მოაგროვა, გატენა პარლამენტი „პოლიტჟონგლიორებით“!
კი ბატონო, ის „ჟონგლიორები“ ჩვენ ავირჩიეთ, მაგრამ ეს ხომ ბიძინას მიმართ უდიდესი ნდობით მოხდა?! ამ არჩევანს ვგულისხმობ, სხვა კი არაფერს? არავინ უარყოფს, ივანიშვილი დიდი ქველმოქმედია და უამრავი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ ეს სიკეთე და გაკეთებული საქმეები სულ წყალში ჩაყარა!
სად მოაგროვა ამდენი მედროვე და დოყლაპია ადამიანი, სად? ან ეს მარგველაშვილი რამ გააპიარებინა? ყველაზე მეტი რეკლამა ივანიშვილმა სწორედ მარგველაშვილს გაუკეთა! ჰო, მარგველშვილიც ჩვენ ავირჩიეთ, მაგრამ ესეც ხომ ივანიშვილის ფაქტორმა განაპირობა?! ბიძინას ხათრით ავირჩიეთ, თორემ ვინ იყო, რას წარმოადგენდა? მე პირადად გამაჩნია მადლიერების გრძნობა და არასდროს დავივიწყებ იმ უამრავ სიკეთეს, რაც საკუთარ ქვეყანას ივანიშვილმა გაუკეთა, მაგრამ შე კარგო ადამიანო, ხომ არავინ გაძალებდა გამოდი და ამ საცოდავ ხალხს „კაპიტალისტურ სამოთხეს და კომუნიზმს“ დაპირდიო? ხომ დაგვპირდა „პოლიტიკაში მოსვლისთანავე, კომუნალური გადასახადები შემცირდება, შემცირდება არარეალური ფასები საწვავზე, გაიზრდება პენსია და ჩვენი პენსიონერები ღირსეულად იცხოვრებენ?! აღდგება სამართლიანობა“!
გვახსოვს შენი გაკეთებული საქმეები ბატონო ბიძინა და გემადლიერებით, მაგრამ სად არის ის დაპირებები 2012 წელს რომ უხვად არიგებდი? მერე კიდევ, ან მოსვლა რა იყო ან ის გაქცევა რას ნიშნავდა?!
გინდათ სიმართლე? აი ეს არის სიმართლე! „სამართლიანობის აღდგენა“ ჩვენ ასე გვესმის: პასუხი უნდა ეგო პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს მთელი ერის წინაშე და ყველა მის ნაძირალა „თანამებრძოლს“! შენ კი ამის ნაცვლად, რაღაც უაზრო „კოჰაბიტაცია“ შემოგვთავაზე!
„ვირს პიტნა არ უყვარდა და ცხვირში ტენიდნენო“! შენი „მოყვანილი“ ხალხია საბოლოოდ რომ დააქციეს საქართველო! ბევრი მათგანი მადლობის მაგივრად, მოგიტრიალდა და იქით გებრძვის! არ ველოდებით „მოკვდავ მესიას“! მესია არ შეიძლება მოკვდავთაგანი იყოს! მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის, მესია იესო ქრისტეა და არც ისეთი ბრიყვები ვართ, რომ მოკვდავი, თუნდაც მილიარდერი, მესიად მივიჩნიოთ!
თამაზ ჭეიშვილი