საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე ამ დროისთვის იუსტიციის მინისტრთან ორი - კახა კახიშვილისა და ირაკლი შოთაძის კანდიდატურებია შესული. ამის შესახებ გუშინ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.
"მე კონსულტაციებისთვის ვადა მაქვს 13 ნოემბრამდე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ უნივერსიტეტებს, საადვოკატო ბიუროებს, ადვოკატთა ასოციაციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოების თითოეულ წევრს, მომაწოდონ მათთვის საინტერესო კანდიდატურები. ჯერჯერობით მხოლოდ ორი შემოთავაზებაა ჩემთან შემოსული, ეს არის ბატონი კახა კახიშვილისა და ირაკლი შოთაძის კანდიდატურები, რომლებიც წამოსულია აკადემიური წრეებიდან და არასამთავრობო სექტორიდან, თუმცა, ვისურვებდი, უფრო მეტი კანდდიატურა შემოვიდეს. განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებ ქალ კანდიდატურაზე, რადგან სამპირიან სიაში, რომელიც უნდა შევადგინო, მინიმუმ ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი", - აღნიშნა თეა წულუკიანმა. მისივე განმარტებით, სამკაციან სიას 14 ნოემბერს, დილით გამოაქვეყნებს.