საინფორმაციო სააგენტო „PIA-პირველის” პრესკლუბში, „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკურმა მდივანმა მანანა ნაჭყებიამ ბრიფინგი ჩაატარა.
ბრიფინგზე ნაჭყებიამ აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არასდროს არ წასულა ქართული პოლიტიკიდან და რომ ის არაფორმალურად მართავს პროცესებს. თუმცა, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე იგი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ივანიშვილი დაუბრუნდეს ქვეყნის ფორმალურ მმართველობას.
მისი აზრით, დიდი ხნის მანძილზე გამქრალმა ივანიშვილმა, რომელმაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ძალიან სერიოზული განცხადებები გააკეთა, მიანიშნებს იმაზე, რომ იგი ჩართულია ქართულ პოლიტიკაში.
„ბიძინა ივანიშვილი კარგად ხედავს „ქართული ოცნების“ რეიტინგის ვარდნას. თავისი კოლეგებისგან განსხვავებით, ის კარგად აფასებს NDI-ის კვლევებს. ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც არ ენდობა კვლევების შედეგებს უშვებენ დიდ შეცდომებს, რადგან, არ უღრმავდებიან რეიტინგებს, არ გამოაქვთ დასკვნები და შესაბამისად, არ აგებენ სამომავლო სტრატეგიებს ამ კვლევებიდან გამომდინარე“.
ნაჭყებიას განცხადებით, ივანიშვილი ხვდება, რომ საზოგადოება აღარ ენდობა „ქართულ ოცნებას“ და ელოდება ახალ ძალებს. სწორედ ამიტომაც იგი ცდილობს კვლავ აქციოს თავისი ცილისწამების სამიზნედ „ ახალი მემარჯვენეები“ და მათი ლიდერები,
-„ ეს არის არასწორი საქციელი, როდესაც შენს პოლიტიკურ ოპონენტებს ასეთი მეთოდით უპირისპირდები.“- აცხადებს მანანა ნაჭყებია.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ რეიტინგის ვარდნა იძულებულს ხდის ივანიშვილს, რომ კვლავ ფორმალური სახით ჩაუდგეს ქვეყნის მართვას და იზრუნოს საკუთარი გუნდის რეიტინგის ამაღლებაზე. თუმცა, „მემერჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, რომ ივანიშვილს უკვე დაკარგული აქვს ის ნდობა საზოგადოების მხრიდან, რომლითაც სარგებლობდა ხელისუფლებაში მოსვლისას!
კარინა გრიგორიანი