ივერიონი / დემურ გიორხელიძე: ბოლშევიკური ტოტალური მენტალობიდან საზოგადოება ჯერ არ გამოსულა და შედეგიც სახეზეა!

დემურ გიორხელიძე: ბოლშევიკური ტოტალური მენტალობიდან საზოგადოება ჯერ არ გამოსულა და შედეგიც სახეზეა!

„ივერიონს“ შუალედური არჩევნების შედეგებზე ესაუბრება ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე.

 

-ბატონო დემურ, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მარტვილსა და საგარეჯოში  “ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ. რა გახდა ამის მიზეზი?

 

-მენტალობის ბრალია, როცა ადამიანები ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ჯგუფისა და ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ჯგუფის ლიდერის მიმართაა სიმპათიით განმსაჭვალული, მას მხოლოდ ამ დონეზე აინტერესებს, რა არჩევანი დგას მის წინაშე და ამიტომაც ემხობა ქართველს თავზე ყველაფერი.

 

მას აინტერესებს  ხელისუფლებაში მყოფი უფროსი, ბელადი თუ მარჩენალი რა ეტყვის. ესაა კომუნისტური წყობიდან გადმოსული მენტალიტეტი, როცა  გვერდით მდგომს არ შეიძლება პატივი სცეს ადამიანმა, რადგან უფროსია ყველაფერი. ამ ბოლშევიკური ტოტალიტარული მენტალობიდან ქართული საზოგადოება არ გამოსულა. ორივე არჩევანი მიუთითებს იმაზე, თუ რა კატასტროფული მენტალობის წინშე დგას ქართველი, რადგან,  რა კარგი გოგონაც არ უნდა იყოს „ოცნების“ კანდიდატი, ის  პარლამენტში პოლიტიკური და კანონშემოქმედებითი მოღვაწეობისთვის ჯერ მზად არ არის, რადგან მისი ცოდნა მიზერულია. შეიძლება მომავალში გახდეს ბრწყინვალე იურისტი და პოლიტიკოსი, მაგრამ ის დღეს ასეთი არ არის, თუმცა ეს არც აინტერესებს ჩვენს ამომრჩევლს, მას ის აინტერესებს, რომ “ის“ ხელისუფლების კანდიდატია.

 

-როგორ ფიქრობთ, გუშინწინდელი არჩევნები  ადმინისტრაციულმა რესურსმა მოიგო?

 

-ცხადია, ადმინისტრაციული რესურსი გამოყენებულ იქნა და გასაკვირი არც არის ქვეყანაში, სადაც საარჩევნო თამაშის წესები ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. ქართული  საარჩევნო სისტემა ისეთი მახინჯია, რომ ხელისუფლება  იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, გამოიყენებს მომავალ წელსაც და, სამწუხაროდ, ოპოზიციურ ძალას არ შეუძლია მისი სათანადოდ დასჯა.

 

საქმე ისაა, რომ ეს ოპოზიციური ძალებიც ფსევდოპარტიები არიან. საქართველოში პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე კატასტროფული მდგომარეობა იმაში გახლავთ, რომ სამი-ოთხი ურთიერთგამაწონასწორებელ  მსოფლმხედვალობაზე აგებული პოლიტიკური პარტია არ არსებობს. ამიტომ, 2016 წელს იმავენაირად ჩატარდება არჩევნები, კვლავ ილუზიებში გააკეთებს ქართველი ხალხი არჩევანს, მაგრამ 2020 წლისთვის ქართული საზოგადოება იქნება სხვაგვარი. ამ მძიმე პროგნოზის საუკეთესო მაჩვენებელი იყო საგარეჯოსა და მარტვილში ჩატარებული არჩევნები. ჩვენ,  ფაქტობრივად, მივიღეთ 2016 წლის გენერალური რეპეტიცია, სადაც ყველამ მოსინჯა თავისი ძალები, ჩვენ კი ამომრჩეველი მოვსინჯეთ, რომელშიც  სერიოზული ცვლილება  ვერ აღმოვაჩინეთ.

 

-“პატრიოტულ ალიანსს“ უნდოდა შეესრულებინა ახალი მესამე პოლიტიკური ძალის ფუნქცია. შეძლო თუ არა მან ეს?

 

-არსებული პოლიტიკური სპექტრიდან ასეთ ფუნქციას ვერავინ ვერ შეასრულებს, რადგან, მათ თავიანთი წინამოქმედებებით, წინაპოლიტიკური (თუ შეიძლება ასე ეწოდოს) საქმიანობით გამოავლინეს თავიანთი უუნარობა. საკუთარი მცდელობების გამო დისკრედიტებულნი არიან და ამიტომაცაა ამომრჩევლის ასეთი ბრმა გადაწყვეტილებები. თუმცა, ახალი მოძრაობა დაწყებულია და ათასობით ადამიანი ცდილობს უკეთესზე შეთანხმებას და ეს პროცესი ნელ-ნელა რეალობად იქცევა. დარწმუნებული ვარ, ხალხის განწყობა თვითორგანიზების პროცესში გადავა, რაც უკეთეს მომავალზეიქნება აკუმულირებული.

 

                 ესაუბრა ია ჯღარკავა

 

 

2-11-2015, 10:18
უკან დაბრუნება