-ბატონო გია, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მარტვილსა და საგარეჯოში “ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ. რა გახდა ამის მიზეზი?
-რბილად რომ ვთქვათ, არჩევნები იყო ნაკლული, თუნდაც იმის გამო, რომ ორი პოლიტიკური პარტია ბოიკოტის რეჟიმში მონაწილეობდა. ფაქტია, რომ არჩევნების შედეგებმა NDI-ს შედეგები დაადასტურა, სამწუხაროდ, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ მოსახლეობის 70% დისტანცირებულია პოლიტელიტისგან, ანუ არცერთ პოლიტპარტიას არ აძლევს ხმას. არჩევნებში მოსახლეობის 30%-მა მიიღო მონაწილეობა და ამით ხელისუფლების სავალალო მდგომარეობა წარმოჩინდა, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული რესურსი მსუყედ გამოიყენა, მათ შორის, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში. ფაქტობრივად, ხელისუფლებას ხმა მისცა ამომრჩევლის 14 %-მა!
რაც შეეხება რესპუბლიკურ პარტიას, მისი ერთი მინისტრი შტაბის უფროსი იყო, რაც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ იცვლება პარტია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. მან ის ჩაიდინა, რასაც ხელისუფლებაში მოსვლამდე ებრძოდა.
-“პატრიოტული ალიანსი“ არის თუ არა ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც ასე უნდა დაესრულებინა არჩევნების შედეგები “ქართული ოცნების“ კანდიდატთან?
-იქიდან გამომდინარე, რომ ეს არჩევნები სერიოზული ბოიკოტის პირობებში მიმდინარეობდა, ჩანს, რომ ხელისუფლება ხალხს არ მოსწონს და არჩევნებს ნატურალური მხარდამჭერი არ ყჰავს.
“პარტიოტული ალიანსის“ მაღალი შედეგი განპირობებულია ორი ფაქტორით: მოსახლეობის მიერ ხელისუფლების მიუღებლობით და იმითაც, რომ მას, ფაქტობრივად, ერთი პარტია ჰყავდათ მოწინააღმდეგედ და არა მეტი. “ პატრიოტული ალიანსის“ რეალური რეიტინგი, ისეთი ვითარების გათვალისწინებით, სადაც ყველა პარტია მონაწილეობს, 10%-ია.
ასკვნით, რომ გუშინწინდელი არჩევნები ადმინისტრაციულმა რესურსმა მოიგო?
-ვასკვნი კი არა, ადმინისტრაციულმა რესურსმა მოიგო. ჩვენ კარგად ვიცით აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლების სპეციფიკა, რის ხარჯზეც მოიგო იქ ხელისუფლებამ არჩევნები. იქ პირდაპირ ხდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რადგან მოსახლეობა კონფორმისტულად იქცევა და ხელისუფლებას ლოიალობას ყოველთვის ამ ფორმით უმტკიცებს. 18 საარჩევნო უბანში გაიმარჯვა რესპუბლიკელმა კანდიდატმა და აქედან 7 აზერბაიჯანელებით დასახლებული იყო. სხვათა შორის, რესპუბლიკელებმა ამ სოფლებს აზერბაიჯანელების უწოდეს, რაც არა მარტო მათ პოლიტუკულტურობაზე მეტყველებს. რეალურად, ადმინისტრაციულ რესურსს თუ გავამინუსებთ, ხელისუფლება ამ არჩევნებს ვერ მოიგებდა, მოგება მარტვილშიც გაუჭირდებოდა.
-მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს??
-თუ ისეთი დინამიკა გააგრძელა ქვეყანამ, როცა ვერცერთ გამოწვევას ვერ პასუხობს, იძულებული იქნება გამოიყენოს. მაგრამ თუ გამოიყენებს, პრობლემა დაეწყება არჩევნების მეორე დღესვე, როცა შედეგების ლეგიტიმურობა საეჭვო გახდება. სამწუხაროდ, ახალი ძალა, ვინც ამ ხელისუფლებას დაამარცხებს, არ ჩანს.
ჩვენ არ გვყავს პოლიტელიტა, სუსტია ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. მომავალ არჩვევნებში ხელისუფლება გაიმარჯვებს, მაგრამ ეს არ იქნება ნატურალური გამარჯვება, ეს იქნება “ნამუშევარი“ გამარჯვება...
ვფიქრობ, პოსტსაარჩევნო კრიზისი გარდაუვალი იქნება. დღეს იმდენად არაადეკვატურები არიან, რომ ზოგიერთი მათ სპიკერი NDI-ზე ნიშნის მოგებთ ამბობს: აი, ხომ ვაჩვენეთ და დავუმტკიცეთ, რომ ჩვენი რეიტინგი მაღალიაო. სინამდვილეში NDI-ის ყველა ციფრი დაადასტურა ამ არჩევნებმა- მოსახლეობის 70% არჩევნებზე არ მივიდა, მისულთა 30%-ის ნახევარმა მისცა ხელისუფლებას ხმა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებითა და დაძალებით, რეალურად მას მხარი, თუნდაც საგარეჯოში, 13-14 %-მა დაუჭირა!
ესაუბრა ია ჯღარკავა