"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი ირაკლი ბათიაშვილი "რეპორტიორთან" "ნაციონალური მოძრაობის" შესაძლო პოლიტიკურ რეაბილიტაციაზე საუბრობს. ბათიაშვილის თქმით, საუბარი მაზე, რომ აღნიშნულ პარტიას საზოგადოებაში დაძაბულობისა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის ძალა შესწევს, სასაცილოა.
როგორც ბათიაშვილი აცხადებს, ერთადერთი მნიშვნელოვანი იარაღი, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" გააჩნია, ეს არის სერიოზული დაფინანსება.
"ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს საზოგადოებაში სერიოზული დასაყრდენი. აბსურდია იმის თქმა, რომ თითქოს "ნაციონალურ მოძრაობას" შეუძლია, საზოგადოება ორად გახლიჩოს. მოსახლეობის დიდ ნაწილში ის არ სარგებლობს არანაირი მხარდაჭერით. პირიქით, ძალიან ნეგატიური დამოკიდებულებაა "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ეს არის საკითხის სწორი კონსტატაცია, მაგრამ აქვე არ გამორიცხავს სერიოზული საფრთხეების არსებობას.
"ნაციონალურ მოძრაობას" არ შეუძლია სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევა, მაგრამ მათ შეუძლიათ სიტუაციის დესტაბილიზაცია და ამისთვის ისინი ემზადებიან კიდეც. მათ ხელშია აკუმულირებული სერიოზული ფინანსები, სარგებლობენ სერიოზული მხარდაჭერით გარედან, მათ ხელშია ძალიან მძლავრი მედიასაშუალება "რუსთავი 2" და გააჩნიათ შეიარაღება."- აღნიშნავს ბათიაშვილი.