საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წერილი გაუგზავნა.
წერილში საქართველოს მთავრობის მეთაური შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბარი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილ ხელმძღვანელთან და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებსა და ანტისახელმწიფოებრივი, ძალადობრივი ქმედებებისკენ კონკრეტულ მოწოდებებს შეიცავს. პრემიერ-მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოსა და უკრაინის მეგობრულ ურთიერთობებს არ შეეფერება. პრემიერი აღნიშნავს, რომ ამ მოწოდებებმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საქართველოში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და უკრაინის პრეზიდენტს აღნიშნული საკითხით დაინტერესების თხოვნით მიმართავს.