სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს ბრალდებულის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართავს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულმა ბრალდებულმა ო.რ.-მ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს განუცხადა, რომ იგი 2015 წლის 13 ოქტომბერს, დილით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს, ავტომანქანაში ჩასვეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი გარეგნული დათვალიერების ოქმის თანახმად, ო.რ.-ს აღენიშნებოდა "მარცხენა თვალბუდის არე მცირედ შეშუპებული, მარჯვნივ ზურგზე და ფერდქვეშ არეში ექსკორიაცია. მისი გადმოცემით, დაზიანებები მიიღო დაკავებისას". საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დაკავებული პირის ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის თანახმად, მის მიმართ სამართალდამცავების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობას, წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას – დაიწყოს გამოძიება; ამასთან, სახელმწიფოს ვალდებულება, რომ დანაშაულის ფაქტზე, მათ შორის, პოლიციელის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება - ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება, აუცილებლად გულისხმობს და მოიცავს მის ინსტიტუციურ და პრაქტიკულ დამოუკიდებლობას.